რატომ ანიჭებენ უპირატესობას ქართველი მომხმარებლები საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებს

ქართველი მომხმარებლები საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებს ანიჭებენ უპირატესობას. ამის შესახებ „გალტ&თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ამის მიზეზი საერთაშორისო კომპანიების მიერ შეთავაზებული დაბალი ფასები და მრავალფეროვანი არჩევანია, რომელიც ყოველწლიურად უფრო მეტ ქართველ მომხმარებელს იზიდავს.

„აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიამ ადგილობრივი კომპანიები აიძულა გაეფართოვებინათ ციფრული შეთავაზებები. ამავდროულად, შეზღუდული მობილობის პირობებში გართულდა საერთაშორისო გადაზიდვები. შედეგად, ადგილობრივი ელკომერციის წილი 11%-დან 23%-მდე გაიზარდა 2018-20 პერიოდში. ადგილობრივი საცალო ვაჭრობის ინტერნეტ პლატფორმების განვითარებასა და მომხმარებელთა ნდობის გაზრდასთან ერთად, ჩვენი მოლოდინით, ადგილობრივი ელ-კომერციის წილი ზრდას განაგრძობს და 2025 წლისთვის მთლიანი ონლაინ ვაჭრობის დანახარჯების ნახევარზე მეტს მიაღწევს“,- აღნიშნულია კვლევაში.

„გალტ&თაგარტის“ შეფასებით, 2020 წელს ელ-კომერციაზე ჯამურმა დანახარჯებმა 597 მლნ ლარი შეადგინა. ხოლო, ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი 950 ლარს შეადგენს (ადგილობრივი და უცხოური ელკომერციის ჩათვლით), რაც 3-ჯერ ჩამორჩება ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს.

„პოტენციალს ვხედავთ როგორც მომხმარებელთა რაოდენობის, ისე ერთი მომხმარებლის მიერ საშუალო წლიური დანახარჯის ზრდის მიმართულებით. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ონლაინ დანახარჯების უდიდესი წილი მოდის საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებზე, ადგილობრივ ონლაინ მაღაზიებს შეუძლიათ კონკურენციის გაზრდა და უცხოური კომპანიების მომხმარებლის მოზიდვა“,- ნათქვამია კვლევაში.

ნინი ქეთელაური