"ყაზტრანსგაზ-თბილისში" ცხელი ხაზი ამოქმედდა

"ყაზტრანსგაზ-თბილისში" დღეიდან ცხელი ხაზი - 2 20 04 04 ამოქმედდა.

"ყაზტრანსგაზ თბილისის" ინფორმაციით, კომპანია ერთბაშად ორ ახალ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს: ცხელი ხაზის საშუალებით, რომლის ნომერია 2 40 40 04 კომპანიის აბონენტები ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე უმოკლეს ვადებში მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას, ხოლო რიგის მართვის თანამედროვე სისტემით აღჭურვილი მოქალაქეთა მისაღები კი გაზიფიცირების მსურველთ მოემსახურება.

ახალი სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს შეეძლებათ როგორც ცენტრალურ ოფისში, ასევე რაიონულ ბიზნეს-ცენტრებში სამუშაო დღეებში, დილის 09:00-დან 18:00-მდე. პარალელურად შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისში" ფუნქციონირებას იწყებს კონფიდენციალური ტელეფონიც 2 20 04 04, სადაც აბონენტებს ანონიმურად შეეძლებათ გამოხატონ თავიანთი გულისტკვივილი ან პრეტენზია კონკრეტული თანამშრომლის მიმართ ან სამართალდარღვევის ფაქტზე. კომპანია დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს ცხელ ხაზზე შემოსულ ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც აბონენტებს შეექმნებათ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ცხელი ხაზი წარმოადგენს შუამავალ რგოლს აბონენტსა და კომპანიის სხვა სამსახურებს შორის, მისი მიზანია მაქსიმალურად იყოს დაცული აბონენტის უფლებები და ოპერატიულად გადაწყდეს ნებისმიერი პრობლემა, რომელიც აბონენტს შეექმნება. მომსახურების ხარისხის ამაღლება ასევე ითვალისწინებს აბონენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, განხილვას და გადაწყვეტის ორგანიზებას.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის ცხელ ხაზში დასაქმებულია სულ 16 თანამშრომელი: მენეჯერი და თხუთმეტი ოპერატორი (სათაო ოფისში იმუშავებენ: მენეჯერი და ოთხი ოპერატორი, 11 ოპერატორი კი ზარებს შესაბამის ბიზნესცენტრებში უპასუხებენ), რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი.