„საქართველოს ფოსტამ“ შვილობილი კომპანიის „ჯორჯიან კარგო“- ს 51%-იანი წილი საპრივატიზაციოდ გამოიტანა

„საქართველოს ფოსტამ“ საპრივატიზაციოდ გამოიტანა შვილობილი კომპანიის შპს „ჯორჯიან კარგო“- ს 51%-იანი წილი, სადაც განმსაზღვრელი გახლავთ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა აქვეყნებს.

კომპანიის გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, „საქართველოს ფოსტაში“, რომლის ძირითად ფუნქციას საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა წარმოადგენს, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საწარმოს კომერციალიზაციისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

ამ მიზნით, საწარმოს სტრუქტურულ ცვლილებასთან ერთად, უკვე მომზადდა საინვესტიციო პაკეტი, რომელიც „საქართველოს ფოსტაში“ შემავალ ცალკეულ ბიზნეს მიმართულებებს შეეხება.

„ჩვენი მიზანია, გავზარდოთ “საქართველოს ფოსტის“ კომერციული მიმზიდველობა და ელექტრონული აუქციონის მეშვეობით, მოვიზიდოთ ისეთი სტრატეგიული ინვესტორი, რომელიც სატერმინალო და საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებების დახვეწაში, მოდერნიზებასა და განვითარებაში დაგვეხმარება,“ - განაცხადა სს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

მისივე თქმით, „საქართველოს ფოსტა“ მოქმედებს მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკით, რომლის მიხედვითაც წამყვანი საერთაშორისო საფოსტო ოპერატორები ცალკეული ბიზნეს მიმართულებების მეტი კომერციალიზაციის მიზნით ახორციელებენ საკუთარი აქტივების ნაწილობრივ პრივატიზებას.