ილონ მასკი ბიტკოინს იბრუნებს

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla გადახდებში ბიტკოინების მიღებას ისევ აღადგენს. Reuters-ის ინფორმაციით, კომპანიამ ეს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამ კრიპტოვალუტის მაინინგში მდგრადი ენერგიის გამოყენება კომპლექსურად გადაამოწმა.

„მსურს, დღევანდელზე უფრო ნაკლები სიფრთხილით ვადასტურებდე იმას, რომ ბიტკოინის მოპოვებაში მდგრადი ენერგიის გამოყენება 50 ან ოდნავ მეტ პროცენტს შეადგენს და არსებობს ტენდენცია ამ მაჩვენებლის გაზრდისთვის. ასე თუ გაგრძელდა, Tesla ბიტკოინების მიღებას აღადგენს,“ - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა კონფერენცია Word-ზე სიტყვით გამოსვლის დროს.

ამ განცხადების შემდეგ, გაფართოებულ ვაჭრობაზე ბიტკოინის ფასმა 8%-ით მოიმატა და 32 160,16 დოლარი გახდა. 11,6%-ით გაძვირდა მეორე კრიპტოვალუტა, ეთერიუმიც და მისმა ფასმა 1 993,36 დოლარი შეადგინა, Tesla-ს აქციები კი 0,8%-ით დაეცა და 655,30 დოლარი გახდა.

მაისში Tesla-მ გაავრცელა განცხადება, რომ 2 თვის თავზე, რაც ბიტკოინის მიღება დაიწყო, ამ კრიპტოვალუტაზე ავტომობილებს აღარ გაყიდიდა. Tesla-ს ზოგიერთი ინვესტორი, გარემოსდამცველებთან ერთად, სულ უფრო კრიტიკულია ბიტკოინის მიმართ, რადგან მისი მოპოვებისთვის წიაღისეული საწვავით გამომუშავებულ უზარმაზარი რაოდენობის ელექტროენერგიას იყენებენ. თუმცა ციფრული ვალუტის ბევრი მაინერი მდგრადი ენერგიის წყაროს გამოყენებას უკვე ცდილობს.

„Tesla-ს მისიაა, მდგრადი ენერგეტიკის განვითარება დაჩქარდეს. ეს თუ გაცხადებული გვაქვს, მაშინ ბიტკოინის მიერ გამოყენებულ ენერგიასაც სათანადო ყურადღება უნდა დავუთმოთ,“ - აცხადებს მასკი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ