Roche-ს კოვიდტესტებმა 33,48 მლრდ დოლარი მოუტანა

შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს გაყიდვები წლის პირველ ნახევარში 8%-ით გაიზარდა და მოლოდინზე მეტ, 30,71 მლრდ შვეიცარულ ფრანკს (33,48 მლრდ დოლარს) მიაღწია. კომპანიის მონაცემებს Reuters ავრცელებს. მიზეზად კომპანიის კოვიდტესტებზე „პიკური მოთხოვნა“ სახელდება, რამაც წლის ცუდი დასაწყისი კომპანიისთვის მეტად გააუმჯობესა.

Roche-ს დიაგნოსტიკური განყოფილების გაყიდვები კოვიდტესტების გამო გაორმაგდა, რამაც ფარმაცევტული პრეპარატების გაყიდვებში 3%-იანი კლება აანაზღაურა. თუმცა მეორე კვარტალში წამლის გაყიდვებმაც იმატა, რადგან Roche-ს ახალმა პრეპარატებმა კარგი შედეგი აჩვენა.

კომპანიის თითო აქციაზე ძირითადი მოგება 6%-ით, 10, 56 შვეიცარულ ფრანკამდე (11,51 დოლარამდე) გაიზარდა. Roche-მ წლიური პროგნოზი შეინარჩუნა და გაყიდვების მატებას დაბალი ერთნიშნა ციფრიდან საშუალო ერთნიშნა ციფრამდე მოელის. ანალოგიურ ზრდას მოელის აქციის ძირითად მოგებაშიც. კომპანია დივიდენდების გაზრდასაც ვარაუდობს.

„ჩვენ წლის პირველ ნახევარში კარგ შედეგს მივაღწიეთ, პირველ რიგში, ჩვენს ახალ წამლებსა და კოვიდტესტებზე მოთხოვნის წყალობით. მეორე კვარტალში ფარმაცევტულმა განყოფილებამ ზრდა დაიწყო, ხოლო დიაგნოსტიკის საბაზისო ბიზნესი ზრდის ძლიერი ტემპის დემონსტრირებას ახდენს. როგორც მოველოდით, კოვიდტესტებზე მოთხოვნამ მეორე კვარტალში პიკს მიაღწია და სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში კლებას დაიწყებს. ეს მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება პანდემია, რაზეც ამჟამად ნიშანდობლივი გაურკვევლობაა. ვირუსი ჩვენთან თანაცხოვრებასა და მუტაციას განაგრძობს, ამიტომ ვაქცინებზე, ახალ ვაქცინებზე, ბუსტერებზე, ტესტებსა და წამლებზე მოთხოვნა შენარჩუნდება,“ - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, სევერინ შვანი.

Roche მომხმარებლებს ყველანაირ ტესტს სთავაზობს, დაწყებული COVID-19-ის აქტიური ინფექციითა და ანტისხეულების ტესტით დამთავრებული. ეს უკანასკნელი იმუნიტეტის დოკუმენტირებას ინფიცირებისა თუ ვაქცინაციის შემდეგ ახდენს. ეს ტესტები, პანდემიის დაწყებიდან, Roche-ს წარმატების მამოძრავებელ ძალად გადაიქცა.

თუმცა სევერინ შვანი აცხადებს, რომ პანდემიამდელ დონეს ონკოლოგიური განყოფილების ბიზნესი ჯერ ვერ დაუბრუნდა.

ვაჭრობამდელ აქტივობაში Roche-ს აქციებმა 0,7%-იანი ზრდა აჩვენა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ