146%-ით გაზრდილი შეკვეთების რაოდენობა -  ვინ არის საქართველოში საკვები პროდუქტების მიტანის 2 ყველაზე მსხვილი მოთამაშე

საქართველოში საკვები პროდუქტების მიტანის 2 ყველაზე მსხვილი მოთამაშეა.

ამის შესახებ „გალტ&თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული. კერძოდ, საუბარია, Glovo-სა და Wolt-ზე, რომლებიც ბაზრის დაახლოებით, 95%-ს ფლობენ.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საკვების მიტანის სერვისი საერთაშორისო პრაქტიკით ელ.კომერციას არ განეკუთვნება, საქართველოში სუპერმაკეტების ონლაინ პლატფორმების არარსებობის პირობებში, ამ სერვისმა შეითავსა სურსათის, პირადი ჰიგიენისა და ფარმაცევტული პროდუქტების მიტანის ფუნქციაც. შედეგად, საკვების მიტანის სერვისი საქართველოში გახდა სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში ონლაინ ვაჭრობის ალტერნატივა.

„COVID-19-ის შედეგად საკვების მიტანის სექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენი შეფასებით, საკვების მიტანის ბაზრის ზომა 167.0 მლნ ლარს შეადგენდა 2020 წელს, რაც 3-ჯერ აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. ამასთან, ზრდა ფიქსირდება როგორც შეკვეთების რაოდენობის, ისე შეკვეთის საშუალო ღირებულების კუთხით: ­ შეკვეთების რაოდენობა გაიზარდა 146%-ით წ/წ 5.3 მლნ-მდე 2020 წელს. ­ შეკვეთის საშუალო ღირებულება 31.5 ლარამდე გაიზარდა 2020 წელს (26.2 ლარი 2019 წელს). ჩვენი გათვლებით, ერთი მომხმარებელი წლიურად საშუალოდ 6 შეკვეთას ახორციელებს. ბევრი მომხმარებელი საკვების მიტანის სერვისით იშვიათად სარგელობს (წელიწადში ერთხელ ან ორჯერ), რაც ამცირებს საშუალო ინდიკატორს. ამასთან, პასიური მომხმარებლების გააქტიურება შესაძლებელია სხვადასხვა აქციების საშუალებით, რაც პოზიტიურად აისახება შემოსავლებზე.

საქართველოში საკვები პროდუქტების მიტანის 2 ყველაზე მსხვილი მოთამაშეა Glovo და Wolt, რომლებიც ოპერირებენ საქართველოს 5 უდიდეს ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ზუგდიდი). ამასთან, ორივე საერთაშორისო კომპანიაა და წარმოდგენილია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში ეს ორი კომპანია ბაზრის დაახლოებით 95%-ს ფლობს, 2020 წლის მდგომარეობით. აღსანიშნავია, რომ კონკურენცია გაიზარდა 2021 წელს, რადგან ბაზარზე გააქტიურდნენ Bolt Food, Elvis და სხვა შედარებით მცირე ზომის მოთამაშეები“,- აღნიშნულია კვლევაში.

„გალტ&თაგარტის“ შეფასებით, სურსათის და პირადი ჰიგიენის პროდუქტების წილი საკვების მიტანის სექტორის მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ხოლო, საკვების მიტანის სერვისის აქტიური მომხმარებლები წარმოადგენენ ონლაინ მყიდველთა პოტენციურ ჯგუფს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელებისთვის.

„აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში სუპერმარკეტების ქსელებს აქვთ მიწოდების საკუთარი სერვისი და შესაძლოა, ამ პრაქტიკაზე ქართული კომპანიებიც გადავიდნენ. ამის განხორციელება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ფინანსური და ადამიანური რესურსების ხელმისაწვდომობაზე. ამასთან, ონლაინ მყიდველების მოსაზიდად და გაყიდვების არხების გასაფართოებლად საჭირო იქნება შესაფერისი ვებ და მობილური პლატფორმების შექმნა, წამახალისებელი პროგრამებისა და სხვადასხვა შეთავაზებების შემუშავება“,- ნათქვამია კვლევაში.

ნინი ქეთელაური