საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ პრობლემებზე მუშაობის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან

საქართველოს ბიზნეს ასოციციაში კოვიდპანდემიიის შედეგად შექმნილი პრობლემები და სექტორში არსებული მდგომარეობა ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, დეტალურად მიმოიხილეს სამედიცინო მომსახურების სატარიფო პოლიტიკა, რაც ჰოსპიტალური სექტორისთვის აქტუალური საკითხია.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წარმოდგენილი ტარიფები 2019 წლამდე არის დადგენილი, თუმცა მათი გადახედვა არ ხდება, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დევალვაციის, ელექტროენერგიის ტარიფის გაორმაგებისა და სახარჯი მასალის საგრძნობი გაძვირების მიუხედავად.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დღის წესრიგში დგას წარმოდგენილი ტარიფების ინდექსაციის ისეთი მექანიზმის შექმნის საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფს ჰოსპიტალური სექტორის ოპერირების გაგრძელების შესაძლებლობას და მიმართული იქნება სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

გარდა ამისა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ასოციაციაში ძირითადი დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მომზადდება ჩარჩო დოკუმენტი, სადაც განხილული პრობლემატიკა და მისი მოგვარების გზები იქნება წარმოდგენილი. ასევე, ასოციაცია აქტიურად დაიწყებს კომუნიკაციას შესაბამის თანამდებობის პირებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან, შემუშავებული მოსაზრებების გაზიარებისა და სექტორთან დიალოგის წარმართვის მიზნით.

„ჩვენ ვაპირებთ ხელისუფლებასთან აქტიურ თანამშრომლობას სექტორში არსებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან ინვესტიციები, რომელიც სექტორში კეთდებოდა და კეთდება საინვესტიციო გარემოს მეტ განჭვრეტადობას მოითხოვს. კოვიდპანდემიამ დააზარალა ქვეყნის ეკონომიკა და მთლიანად ბიზნესი, თუმცა ცალკე აღნიშვნის ღირსია ჯანდაცვის მიმართულება, რომელმაც ეს დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო. მიგვაჩნია, რომ ზემოხსენებულ საკითხებზე შესაძლებელი იქნება ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და შესაბამისად, კოორდინირებული მუშაობა“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.