ფრანგული სარეკლამო ჯგუფი Publicis-ი - პანდემიამდელ დონეს წელს დავუბრუნდებით

მსოფლიოში სიდიდით მესამე ფრანგული სარეკლამო ჯგუფი Publicis დღევანდელ განცხადებაში პანდემიამდელ ფინანსურ დონეზე დაბრუნებას მიმდინარე წელს ვარაუდობს. კომპანიის მონაცემებს სააგენტო Reuters ავრცელებს, რომელიც Publicis-ს, ბრიტანულ WPP-ისა და ამერიკულ Omnicom-ის შემდეგ, ყველაზე დიდ სარეკლამო კომპანიად ასახელებს.

Publicis-ის საბაზისო კვარტალური გაყიდვები 17,1%-ით, 2,54 მლრდ ევრომდე (3 მლრდ დოლარამდე) გაიზარდა, რამაც ანალიტიკოსების 12,9%-იან ორგანულ ზრდას გადააჭარბა. გაყიდვებმა 2%-ით 2 წლის წინანდელ დონესაც გადააჭარბა.

Publicis-ში, რომელიც ისეთი სარეკლამო სააგენტოების სახლია, როგორიცაა Leo Burnett და Saatchi & Saatchi, აცხადებენ, რომ გაყიდვებზე გადაჭარბება აშშ-სა და აზიის ბაზრის შედეგებმა განაპირობა. ორივე რეგიონში, 2019 წელთან შედარებით, კომპანიის გაყიდვებმა 7%-ით მოიმატა. ევროპაში შეზღუდვების მოხსნა სარეკლამო ბიზნესზეც აისახა, სადაც შარშანდელ დაბალ საბაზისო დონესთან შედარებით, ორგანული გაყიდვები 23%-ით გაიზარდა. თუმცა Publicis-ის ევროპული ბაზარი პანდემიამდელ დონეს ჯერ ჩამორჩება.

მეორე კვარტალში კომპანიის ორგანულმა ზრდამ ბაზრის მოლოდინებსა და 2019 წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა მაშინ, როცა გასულ წელს ყველა ბაზარზე შემოსავლის წყარო, თითქმის, ამოეწურა, რადგან მისმა მომხმარებლებმა, კოვიდპანდემიური კრიზისის გადასალახად, სარეკლამო ბიუჯეტები შეკვეცეს. ამ დანაკარგის ანაზღაურებას, ახალი მომხარებლების მიზიდვით, კომპანია დაგეგმილზე ერთი წლით ადრე ვარაუდობს.

უმსხვილეს ამერიკულ ბაზარზე, რომლის წილიც კომპანიის შემოსავლებში ნახევარზე მეტია, Publicis-ის საბაზისო გაყიდვებმა ივნისამდელ სამთვიან პერიოდში 15,2%-ით მოიმატა. ეს კომპანიის ციფრული ბიზნესის, Sapient-ისა და მონაცემთა კომპანია Epsilon-ის მაღალმა მაჩვენებლებმა განაპირობა. Sapient-ის გაყიდვებმა 27%-ით, Epsilon-ის კი 31%-ით მოიმატა.

Publicis-ში აცხადებენ, რომ წლის პირველ ნახევარში ზრდა განაპირობა ისეთ ბიზნეს-პროექტებში წარმატებამ, როგორიცაა Stellantis-ის გლობალური მედია და ამერიკული Unilever-ის შესყიდვების მარკეტინგი.

კომპანია, 17%-იანი ოპერაციული მარჟის პირობებში, წლიურ 7%-იან ზრდას პროგნოზირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ