კაზინოებისთვის მოსაკრებლის განახევრება დაუმსახურებელი შეღავათია და ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს - აფბა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გადახედოს და უახლოეს პერიოდში გააუქმოს ის გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში არსებული სამორინეებისთვის მოსაკრებლის ერთჯერადად განახევრებას ისახავს მიზნად.

„აფბას“ შეფასებით, სათამაშო ბიზნესი უზარმაზარი შემოსავლის ფონზე, ისედაც საკმაოდ მცირე ოდენობის გადასახადს იხდის. შესაბამისად, გაუგებარია თუ რატომ ნახევრდება კაზინოებისთვის არსებული მოსაკრებელი.

„მაშინ, როდესაც პანდემიის გამო ბიზნესის ფაქტობრივად ყველა სექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია და დახმარებას საჭიროებს, გაუგებარია მთავრობის გადაწყვეტილება, როდესაც სხვა ბიზნესის სხვა სექტორების კიდევ უფრო მხარდაჭერის ნაცვლად, საგადასახო შეღავათებს უწესებს სათამაშო ბიზნესს, რომლის წლიურმა ბრუნვამაც 2020 წელს, დაახლოებით, 31 მილიარდ ლარს მიაღწია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეგულაციების მიღმა დარჩენილი სათამაშო ბიზნესი ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის პარაზიტად იქცა და მათი საქმიანობაც მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად გაღარიბებისკენაა მიმართული.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაციისთვის“ მიუღებელია მთავრობის არგუმენტი, რომ პანდემიის გამო 2020 წელს, 10 თვის განმავლობაში, თბილისში არსებული კაზინოები დაკეტილი იყო, რაც საგადასახადო შეღავათის საფუძველი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ სამორინეები ნამდვილად დაკეტილი იყო, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად ყველა სამორინეს გააჩნია საკუთარი ონლაინ კაზინო და მათი ბრუნვა არათუ შემცირდა, არამედ 2020 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 მილიარდი ლარით გაიზარდა და 31 მილიარდი შეადგინა.

ასევე, ეს ონლაინ კაზინოები მუდმივად ხვდებიან ყველაზე მაღალი ბრუნვის მქონე TOP-10 კომპანიას შორის. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება კაზინოების მიმართ დაუმსახურებელი შეღავათია. იგი აუცილებლად უნდა გადაიხედოს და ეს გადაწყვეტილება უმოკლედ ვადაში გაუქმდეს.

დღეს გაცილებით მეტი ბიზნესია საქართველოში, რომელიც კოვიდპანდემიამ დააზარალა და მათ ბევრად მეტად ესაჭიროებათ დახმარება, ვიდრე სამორინეებს, რომელთა შემოსავალიც წლიდან-წლამდე განუზომლად იზრდება. მით უფრო, რომ ეს არის ბიზნესი, რომელიც ეკონომიკაში ვერანაირ დოვლათს ვერ ქმნის, მოსახლეობის გაღარიბებისკენაა მიმართული და რეგულაციებს მიღმა დარჩენილი, დღემდე, საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება,“-ნათქვამია „აფბას“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი ერთჯერადად განახევრდა და სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი 5 მილიონი ლარის ნაცვლად, პირველ წელს 2,5 მლნ ლარს გადაიხდის. ფინანასთა სამინისტროს განმარტებით კი, ამ შეღავათის მიზეზი პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისში მოქმედ სამორინეებში წარმოქმნილი ეკონომიკური სიძნელეების დაძლევაა.

„2020 წლის 21 მარტიდან სამორინეებს შეზღუდული ჰქონდათ საქმიანობა და მუშაობის განახლების შესაძლებლობა მათ 2021 წლის 1-ლი აპრილიდან მიეცათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებული სირთულეების გამო, დღემდე ვერ შეძლეს ფუნქციონირების დაწყება.

ცნობისთვის, 2020 წლის 21 მარტის მდგომარეობით, თბილისში მოქმედ სამორინეებს კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარ ჰქონდათ გადახდილი სანებართვო მოსაკრებელი 5 მლნ ლარის ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მათთვის მიიღო ერთჯერადი გადაწყვეტილება. კერძოდ, თბილისში იმ სამორინეებისთვის, რომლებიც ნებართვას აიღებენ 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე, წელს სანებართვო მოსაკრებელი იქნება 2 500 000 ლარი. გარდა ამისა, 2022 წელს 2 500 000 ლარს გადაიხდიან თბილისში მოქმედი ის სამონირეები, რომელთაც სამორინეს მოწყობის ნებართვა აღებული აქვთ 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე,“-ნათქვამი იყო უწყების განცხადებაში.