დემოკრატი კონგრესმენი კოსმოსური ტურიზმის დაბეგვრას მოითხოვს

დემოკრატი კონგრესმენი ერლ ბლუმენაუერი, რომელიც პორტლენდსა და მიმდებარე ქალაქგარე რაიონებს წარმოადგენს, კოსმოსურ ტურიზმზე გადასახადის დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა.

კონგრესმენი ამ ინიციატივით 20 ივლისს ანუ იმავე დღეს გამოვიდა, როცა მილიარდერი ჯეფ ბეზოსი Blue Origin-ის სუბორბიტალური რაკეტით, ძმასთან და ეკიპაჟის 2 წევრთან ერთად, კოსმოსში გაფრინდა. მანამდე იგივე ფრენა კონკურენტ Virgin Galactic-ის მფლობელმა, მილიარდერ რიჩარდ ბრენსონმა განახორციელა, ხოლო ილონ მასკის SpaceX ტურისტულ ფრენებს დედამიწის ორბიტასა და მთვარეზეც კი უახლოეს წლებში გეგმავს.

„ეს პოტენციურად ძალზედ მნიშვნელოვანი ბიზნესი იქნება. ამდენად, თუკი ოჯახი, რომელსაც ბავშვები ლეგოლენდში მიჰყავს, ბილეთში 9,5%-იან გადასახადს იხდის, კოსმოსური ტურისტები გადასახადისგან რატომ უნდა იყვნენ გათავისუფლებული, მით უმეტეს, ამაში მილიონობით დოლარს ხარჯავენ?!“ - აცხადებს ბლუმენაუერი.

კონგრესმენის თქმით, ჯერ ადრეა საუბარი კოსმოსური ტურიზმის გადასახადის ოდენობასა და იმაზეც, თუ რაში დაიხარჯება ამოღებული თანხა.

„თუმცა ეს ინიციატივა უნდა იქცეს საწყის წერტილად მოლაპარაკებების დასაწყებად, რაც ახლავე უნდა დაიწყოს, რადგან მეჩვენება, რომ პროცესს ჩამოვრჩით,“ - აცხადებს კონგრესმენი და ახლახან განხორციელებული სუბორბიტალური ფრენები იგულისხმა. მისი თქმით, გადასახადის კანონპროექტი არ შეეხება მხოლოდ NASA-ს სამეცნიერო-კვლევით ფრენებს.

ერლ ბლუმენაუერი ამბობს, რომ კოსმიური ტურიზმის ბიზნეს-კომპანიები აშშ-ს კოსმოსური პროგრამის ბენეფიციარები იყვნენ, ამ სააგენტოს კი გადასახადის გადამხდელები აფინანსებენ. ის დარწმუნებულია, რომ გადასახადის დაწესების შემთხვევაში, ეს კომპანიები არ დაზარალდებიან და არც სხვა ქვეყნებში გადავლენ ახალი ფრენების განხორციელებისთვის.

„ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესზე, რომელსაც გადასახადი მძიმე ტვირთად არ დააწვება და ისინი ნებისმიერი ოდენობის გადასახადის გადახდას შეძლებენ,“ - აცხადებს კონგრესმენი.

ბლუმენაუერმა თავის კანონპროექტს უწოდა „კანონი რაკეტიდან ნახშირბადის გამონაბოლქვისგან დაცვის გადასახადის შესახებ“ (Securing Protections Against Carbon Emissions-SPACE). თუმცა Blue Origin-ის მსგავსი რაკეტები ნახშირბადს არ გამოყოფენ და მხოლოდ თხევად ჟანგბადსა და თხევად წყალბადს წვავენ, საიდანაც მხოლოდ წყლის ორთქლი წარმოიშობა. მიუხედავად ამისა, კონგრესმენი აცხადებს, რომ წყლის ორთქლსაც კი შეუძლია ოზონის შრის დაზიანება.

„მე არ ვარ მსგავსი კოსმოსური ინოვაციების წინააღმდეგი, მაგრამ თუკი რამე მხოლოდ ტურიზმისა და გართობის მიზნით კეთდება და სამეცნიერო დანიშნულება არა აქვს, ყველაფერი საზოგადოებრივ კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს,“ - ამბობს კონგრესმენი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ