იტალიაში აგვისტოდან „მწვანე საშვების“ სისტემა ამოქმედდება

იტალიაში, 5 აგვისტოდან სტადიონებზე, მუზეუმებში, თეატრები, კინოთეატრებში, საგამოფენო ცენტრებსა და სპორტდარბაზებში შესვლა მხოლოდ „მწვანე საშვის“ წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი ასევე საჭირო იქნება დახურული ტიპის რესტორნებში მომსახურების მისაღებად.

„მწვანე საშვი“ გაიცემა ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ და 9 თვის განმავლობაში იქნება ძალაში, ის ხელმისაწვდომი იქნება იმ პირებისთვისაც, რომლებმაც ბოლო 48 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარეს და უარყოფითი პასუხი მიიღეს, ამასთან მათთვისაც, ვინც ვირუსისგან განიკურნა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„დელტა“ ვარიანტი საშიშია. ის ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სხვა ვარიანტები. ყველა იტალიელს ვაქცინაციისკენ მოვუწოდებ. ვაქცინაციის გარეშე, ჩვენ ისევ ყველაფრის დახურვა მოგვიწევს,“- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით სრულად ვაქცინირებული იტალიის მოსახლეობის 52.83%-ია.