საქართველოს მთავრობა ჩილესთან და გვატემალასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

საქართველოს მთავრობა ჩილესთან და გვატემალასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს.

"საქართველოს მთავრობასა და გვატემალას რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ" შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე განკარგულება პრემიერ-მინისტრმა გამოსცა. მთავრობის ვებ-გვერდზე ასევე, გამოქვეყნებულია განკარგულება ჩილესთან იგივე მოლაპარაკებების გამართვის თაობაზეც.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩილეს შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელები უვიზო მიმოსვლით 2013 წლიდან სარგებლობენ. შეგახსენებთ, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმი მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან გაამკაცრა. "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" ახალი კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე 24 ქვეყანას, რომელთა შორის იყო სწორედ ჩილე და გვატემალა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდა.