Visa კიდევ ერთ ევროპულ სტარტაპს ყიდულობს

Reuters-ის ცნობით, კომპანია Visa-ს აღმასრულებელი დირექტორი, ელ კელი ევროპულ ტექნოლოგიურ სტარტაპებზე ფულის ხარჯვას განაგრძობს. თუ 519 მლრდ დოლარის კაპიტალიზაციის მქონე საგადასახადო გიგანტმა ერთი თვის წინ შვედური Tink 2,1 მლრდ დოლარად შეიძინა, გუშინ ბრიტანული კომპანია Currencycloud-ის შესყიდვის შესახებ გამოაცხადა.

Currencycloud პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც 700 მლნ ფუნტად (962 მლნ დოლარად) ბანკებსა და ტექნოლოგიურ ჯგუფებს, როგორიცაა, მაგალითად, Revolut, საზღვარგარეთ ფულის გადარიცხვებში ეხმარება.

„Visa-ს საფუძვლიანი მიზეზი აქვს, რათა Currencycloud შეისყიდოს, რაც სწრაფად ცვალებად სავალუტო ბაზარზე მას პროგრამული უზრუნველყოფის პოტენციურად ღირებულ ნაწილს ანიჭებს. ამ ბაზარზე ბანკები ტექნოლოგიური ჯგუფების მხრიდან პრობლემებს ხშირად აწყდებიან,“ - წერს Reuters.

სააგენტოს შეფასებით, ამ შენაძენით Visa თავის სავალუტო განყოფილებასაც გაიმყარებს, რომელიც პანდემიის დროს დაზარალდა, რადგან ადამიანები ნაკლებად მოგზაურობდნენ. ახალი შესყიდვა კომპანიის ზრდის წინაპირობაცაა, რადგან Visa-ს ძირითადი ბიზნესი, ბარათით გადახდა, ანტიმონოპოლიური სამსახურის წნეხის ქვეშაა.

TechCrunch-ის მონაცემებით, ელ კელი 500 მლნ დოლარზე თითქმის ორჯერ მეტს იხდის, რა ფასადაც Currencycloud 2020 წლის იანვარში იყო შეფასებული, როცა Visa-მა ბრიტანული კომპანიის წილი პირველად შეისყიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ