ირაკლი ქარსელაძე - რეგიონების წყალმომარაგება მთავარ გამოწვევად და პრიორიტეტად რჩება - წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების განვითარებას 10 წელიწადში 9 მილიარდი ლარი მოხმარდება

რეგიონების წყალმომარაგება ჩვენს მთავარ გამოწვევად და პრიორიტეტად რჩება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ 10 -წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მან, 2020 წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ პირველად არსებობის განმავლობაში 4 დიდი ქალაქი - ქუთაისი, ზუგდიდი, ჭიათურა და წნორი, 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავიდა.

,,მალე 360 000 ადამიანს 150 დასახლებაში გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, მათ შორის - თელავში, დედოფლისწყაროში, ზესტაფონში, ცხვარიჭამიაში, ბულაჩაურში, ტყიბულში, ვალეში, მანგლისში და სხვა დასახლებებში, რომელთაგან 200 000 მოქალაქეს არასდროს ჰქონია ცენტრალიზებული წყალმომარაგება. წელს, გაზაფხულზე ხელი მოვაწერეთ ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობის 260 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს, რომლის ფარგლებშიც, 5 წლის განმავლობაში 18 კმ მაგისტრალისა და 191 კმ გამანაწილებელი ქსელის გაფართოება-რეაბილიტაცია და დაახლოებით, 40 კმ საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია-გაფართოება იგეგმება“, - განაცხადა ქარსელაძემ.

მისივე თქმით, წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებზე პროექტირება იწყება ოზურგეთში, სენაკში, ბოლნისში, ხონში, ნინოწმინდაში, ინგირში, ცაიშში, წაღვერში, ნუკრიანში, ცხვარიჭამიაში, ცხემლისხიდში, დვაბზუში, თეზამში, კევლიანსა და სხვა დასახლებებში.

მინისტრის განცხადებით, 2025 წლისთვის საქართველოს ყველა ქალაქის 24 საათიანი, სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა იგეგმება, ხოლო 2030 წლისთვის უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი სტანდარტის წყალმომარაგება.

ამასთან ერთად, გათვალისწინებულია ლაბორატორიების აღჭურვილობის განახლება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, პერსონალის გადამზადება და სასმელი წყლის ხარისხის შესაბამისი კონტროლი.

,,რაც შეეხება წყალარინებას, აქ ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ თანამედროვე სისტემების განვითარება და ცენტრალიზებული, სტანდარტის შესაბამისი გაწმენდის უზრუნველყოფა, არამედ ასევე გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაცაა. ამ მიმართულებით სამაგალითოა 2019-2021 წლებში ევროპული სტანდარტით აშენებული 5 გამწმენდი ნაგებობა ურეკში, ზუგდიდში, ანაკლიაში, თელავსა და წყალტუბოში. ასეთივე ნაგებობების მშენებლობა გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით“,- განაცხადა მინისტრმა.

ქარსელაძის თქმით, წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილტაციას 10 წელიწადში 9 მილიარდი ლარი მოხმარდება, მაშინ, როდესაც 2012 წელს სექტორის დაფინანსება მხოლოდ მხოლოდ 34 მილიონი იყო, 2021 წელს კი უკვე - 348 მილიონი ლარია.