ამერიკული დიპლომი, ACBSP-ის მიერ აკრედიტებული სასწავლო პროგრამები და წვდომა აშშ-ს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელზე - რას სთავაზობს ვებსტერ საქართველო სტუდენტებს

საქართველოს სტუდენტებს უმაღლესი დონის განათლების მისაღებად საზღვარგარეთ წასვლა აღარ მოუწევთ, რადგან 2022 წლიდან ვებსტერის უნივერსიტეტის ქართული კამპუსი სწავლებას იწყებს. საბაკალავრო საფეხურზე, იგეგმება პროგრამების განხორციელება საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის, მასკომუნიკაციების მიმართულებით. სამაგისტრო საფეხურზე კი საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მედიის კვლევების მიმართულებით. აღსაღნიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ. ვებსტერის უნივერსიტეტმა უკვე აამოქმედა აშშ-ს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელი საქართელოს ფილიალისთვის, რომლის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ წვდომა უახლეს ლიტერატურასთან და მაღალი კლასის კვლევებთან.

Webster University Georgia-ის პარტნიორის მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, ქართული კამპუსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ფინანსური ხელმისაწვდომობა იქნება. ანალოგიურ პროგრამასა და დიპლომში სხვა კამპუსებთან შედარებით რამდენჯერმე ნაკლების გადახდა მოუწევთ.

„ვებსტერის უნივერსიტეტის ქართული კამპუსის გახსნა უდიდესი მნიშვნელობის პროექტია, რადგან მაღალი ხარისხის ამერიკული განათლება საქართველოში ხელმისაწვდომი ხდება. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის, რადგან ამ დროისთვის ამ დონის უნივერსიტეტი რეგიონის არც ერთ ქვეყანაში არაა. ვებსტერის უნივერსიტეტის ადგილზე ბაზირება ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გაზრდის. საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა ბევრ ტექნიკურ საკითხთან ერთად, ფინანსურ დაბრკოლებებთანაა დაკავშირებული. ამერიკასა და ევროპაში სწავლა იაფი ნამდვილად არაა. ეს კი მალე საჭირო აღარ იქნება, რადგან ამერიკული განათლების მიღება საქართველოში ხდება ხელმისაწვდომი. ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსი ღიაა ადგილობრივი თუ რეგიონის სტუდენტებისთვის. საქართველოში სხვა ქვეყნების კამპუსების ანალოგიური პროგრამა განხორციელდება და კურსდამთავრებულები ამერიკულ დიპლომს მიიღებენ,“ - განმარტავს მიხეილ ბატიაშვილი.

საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნას მიესალმება აშშ-ს საელჩო.

“ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის საქართველოში გახსნა არის წარმატებული თანამშრომლობა საუკეთესო ამერიკულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლიდან ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ ამერიკული განათლება ადგილობრივად. სწავლა სამი მიმართულებით იქნება შესაძლებელი: საერთაშორისო ურთიერთობები, მედია კომუნიკაციები და მენეჯმენტი. ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთო ხედვა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს გააჩნიათ ეკონომიკისა და საზოგადოების გაძლიერებისთვის საქართველოში და მთელ რეგიონში. აშშ ამაყობს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოში განათლების დონის ამაღლებისთვის. მინდა აშშ-ს საელჩოს სახელით ყველას გულით მივულოცო ეს განსაკუთრებული სიახლე. დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება,“ - აცხადებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი.

ვებსტერის უნივერსიტეტმა, საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებამდე, მასშტაბური კვლევა ჩაატარა. გაანალიზებულ იქნა ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცე და შრომის ბაზარი, ბიზნეს გარემო, ეკონომიკური მაჩვენებლები, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ა.შ.

ვებსტერი აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონალურ საგანმანათლებლო ცენტრად მოიაზრებს, სადაც სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან სწავლის გაგრძელებით დაინტერესდებიან. საქართველომ შექმნა მეგობრული გარემო საერთაშორისო ბიზნესისთვის, სტარტაპებისთვის და ინოვაციებისთვის. ინგლისური ენის ცოდნითაც, საქართველოს მაჩვენებელი წინ უსწრებს რეგიონის სხვა ქვეყნებს. ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ სტუდენტებს სჭირდებათ საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც შრომის ბაზრის შესაბამის ცოდნას მისცემს მათ და საბოლოოდ ჯამში გაზრდის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპს.