მერია - კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება ხორციელდება მისი პირადი სახსრებით და აღნიშნული მომსახურებისთვის, საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ დღეს გავრცელდა მცდარი ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარეკლამო ხარჯების თაობაზე.

როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება ხორციელდება მისი პირადი სახსრებით და აღნიშნული მომსახურებისთვის, საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა.

„აქვე განვმარტავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის, მათ შორის: საქალაქო სამსახურების, გამგეობებისა და დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოციალური მედიის 33 ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საინფორმაციო პოსტების სპონსორობისთვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ იქნა შემდეგი ხარჯები: 2018 წელს - 137,139.41 ლარი; 2019 წელს - 143,590.42 ლარი; 2020 წელს - 58,117 ლარი; 2021 წელს - 15,028 ლარი“ , - ნათქვამია განცხადებაში.