უკვე წვრილმანი დავების საქმეებში მესმის „შავი სამყაროს“ ჩარევის საკითხი - ანა დოლიძე აშშ-ის მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე

„ეს ეხება წვრილმან დავებსაც, უკვე ამ დონის საქმეებში მესმის „შავი სამყაროს“ ჩარევის საკითხი“- ამის შესახებ „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ რადიო პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

ის აშშ-ის მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კვლევაშია აღნიშული, საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები საიმედოა, თუმცა აქ არის მზარდი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით. რამდენადაც, ბიზნეს დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება.

“ეს არის ძალიან კომპლექსურად გადმოცემული ვითარება ჩვენს სასამართლო სისტემაში. ახლა არის ჩემს წინაშე მორიგი საშუალო ბიზნესმენის პრობლემა, რომელსაც ერთ-ერთ რაიონულ სასამართლოში 4 წელია არ ჩაუნიშნეს სასამართლოს სხდომა... როდესაც ბიზნესმენი ფულს დებს, ქართველი თუ უცხოელი, და ინვესტიცია ხომ ეს არის, თუნდაც შენი ბიზნესმენი იმისთვის, რომ მან ეს ფული არ წაიღოს და სახლი არ იყიდოს, მაგალითად, ლონდონში, იყოს მშვიდად, არამედ, თქვას, რომ მაქვს ფული, მოდი, აქვე დავაბანდებ, აქ გავხსნი კომპანიას, ხალხს დავასაქმებ და ა.შ. ნახეთ ჩვენს სიტუციაში რა არის?! საქალაქო სასამართლომ შეიძლება თქვას ერთი, გასაჩივრდეს - თქვას მეორე, გასაჩივრეს- თქვას მესამე... არავითარი სტაბილურობა სასამართლო გადაწყვეტილებებში არ გვაქვს. იმიტომ არ გვაქვს, რომ სასამართლოში გავრცელებულია უკვე ხმა, რომ არის კორუფცია. ძალიან ბევრი ადვოკატი ამბობს, თუ მე წინასწარ ვიცი, რომ მეორე მხარე საქმე ჩამიწყობს, ამ საქმეს ხელს არ ვკიდებ“, -განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, იმის გამო, რომ სასამართლოს მიმართ უნდობლობაა და ამასთან, გადაწყვეტილების მიღება დროში ჭიანურდება, არა მხოლოდ მსხვილ, არამედ წვრილმან დავებშიც კი, ისმის ე.წ შავი სამყაროს ჩარევის საკითხი.

„არა მარტო დიდ დავებში, არამედ ეს ეხება წვრილმან დავებსაც, უკვე ამ დონის საქმეებში მესმის „შავი სამყაროს“ ჩარევის საკითხი. არა მარტო ის, რომ აქ არის კორუფციის რისკები და სასამართლო ვერ ასრულებს საკუთარ საქმეს. 4 წელი რომ არ გადაგიწყვეტენ საქმეს, არ ჩაგინიშნავენ სხდომას, უკვე იმაზე აღარ არის, იქიდან რა გამოვა, ელემენტარული გადაწყვეტილება გინდა, რომ ან აქეთ გააგრძელო საქმე, ან იქით.

მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მანამდე მაინც კულუალურად ცდილობდნენ ჩვენი პარტნიორები უმტკივნეულესი საკითხის გადაწყვეტას. იმიტომ, რომ შედარებით უფრო რბილი და გამაფრთხილებელი განცხადებები იყო. ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ ჩვენი ბრძოლების შესახებ, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ეს ცალსახაა. მეც არაერთხელ ვარ შეხვედრილი როგორც ელჩებს, ისე სახელმწიფო დეპარტმენტის წარმოამადგენლებს. უბრალოდ, მანამდე იყო ყვითელი ბარათი, რომ ამას ნუ იზამთ, ბოლო ნაბიჯს მაინც ნუ გადადგამთ (ყველა ვაკანსია შეავსეს კლანის მეშვეობით). მე უფრო ხაზს გავუსვამდი იმას, რომ რეალურად, ამ განცხადებაში ნათქვამია - სიღარიბე და ეკონომიკური განუვითარებლობა, რეალურად სასამართლოს ბრალია. მანამდე ასეთი ცალსახა განცხადება ჩვენ არ გვინახავს“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ნინი ქეთელაური