დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია რთულდება როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.
გამყრელიძე ამის მიზეზად ახალი შტამების ცირკულირებას და შეზღუდვების შემსუბუქებას ასახელებს.
ასევე, გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ღია სივრცეში სასურველია პირბადის გამოყენება.
„ეპიდსიტუაცია რთულდება, არამარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რომელიც დაკავშირებულია ძირითადად ორ ფაქტორთან: ეს არის ახალი შტამების ცირკულირება და ზაფხულთან მიმართებაში შეზღუდვების ყველგან შემსუბუქებების ტენდენცია. თუ ორჯერადად ვიქნებით აცრილი 30% , სერიოზულად შეიძლება ბევრი რეკომენდაციის მოხსნა. დღეს ჩვენ საბჭოზე წამოვაყენეთ, რომ მონიტორინგის მექანიზმები უნდა გამკაცრდეს არა ჯარიმებით, არამედ მითითებებით. ავტობუსში როდესაც ვსხედვართ და ვინმეს პირბადე არ უკეთია, უნდა ვუთხრათ, რომ გაიკეთოს. ასევე დახურულ სივრცეშიც უნდა ვუთხრათ თუ არ უკეთიათ პირბადე. დაცვის ყველაზე ძლიერი საშუალება გახლავთ პირბადე. მეც სიამოვნებით ვისეირნებდი ბათუმის ბულვარში, დრო რომ მქონდეს. იმდენი ხალხი რომ სეირნობს, საკუთარი და სხვისი დაცვისთვის სეირნობის დროს, როცა ბევრი ადამიანია და დისტანციას ვერ იცავ სასურველია, პირბადე გვეკეთოს" , - განაცხადა გამყრელიძემ.