სლოვაკი ავტოდილერები დატბორილი ავტომობილების მასიურ იმპორტს ვარაუდობენ

სლოვაკეთის საავტომობილო ბაზარზე შეშფოთებული არიან, რომ გერმანიიდან, ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან დილერებმა შესაძლოა, წყალდიდობისგან დაზიანებული მანქანები შეიტანონ გასაყიდად. ამ ქვეყნებიდან სლოვაკეთში ყოველწლიურად ათიათასობით მანქანა შედის. ინფორმაციას გამოცემა Euractiv ავრცელებს.

სლოვაკები ვარაუდობენ, რომ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ავტომოვაჭრეები ყველანაირად შეეცდებიან, დატბორილი მანქანები როგორმე გაასაღონ.

„ჩვენი გამოცდილებით, დატბორილი მანქანები დილერების პროდუქციასა თუ რეკლამებში წყალდიდობიდან მალევე ჩნდებიან,“ - აცხადებს AURES Holdings-ის ოპერაციების დირექტორი პეტრ ვანეჩეკი, რომლის კომპანიაც AAA Auto-სთვის ავტოსალონების ქსელს მართავს.

„დატბორვის შემდეგ, მანქანაში ყველა ელექტრომოწყობილობა უნდა შეიცვალოს, რაც ასობიდან ათასობით ევრომდე ხარჯს მოითხოვს, ამიტომ დატბორილი მანქანები ადგილზე პრაქტიკულად არ იყიდება და მათი ექსპორტი შესაძლოა, ჩეხეთში ან სლოვაკეთში მოხდეს,“ - აცხადებს ვანეჩეკი.

გავრცელებული ინფორმაციით, უპრეცედენტო წყალდიდობის გამო, გერმანიის ფედერალურ მიწებზე - ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიასა და რეინლანდ-პფალცში დაზღვეულმა ზარალმა შესაძლოა, 4-5 მლრდ ევროს მიაღწიოს. ვარაუდობენ, რომ გერმანიაში დაზარალებული ტერიტორიების აღდგენას წლები დასჭირდება.

ნიდერლანდებში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი, მხოლოდ ერთი ქალაქის მასშტაბით, 400 მლნ ევროა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ