ეგვიპტეში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს

ეგვიპტეში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაიროში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ეგვიპტეში ევროკავშირის მისიის მხარდაჭერით, ეგვიპტურ-ევროპულმა საბჭომ მრგვალი მაგიდა გამართა, თემაზე - "თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის". შეხვედრა ეგვიპტურ-ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მუჰამედ აბულ ენეინმა გახსნა. როგორც შეხვედრაზე ეგვიპტეში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს მორანიმ განაცხადა, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირსა და საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას გააღრმავებს და ურთიერთობებს თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს.

"საქართველო, თავისი გეოსტრატეგიული მდგომარეობით და საინვესტიციო პოტენციალით, საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მსოფლიო ვაჭრობაში. უდავოა, რომ შეთანხმების ამოქმედება მომგებიანი იქნება საქართველოსათვის, ვინაიდან მისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ბაზარი. საქართველოს ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდება და თანდათან საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიო ეკონომიკაში", - აღნიშნა ჯეიმს მორანიმ.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს ეგვიპტელმა ექსპერტებმა, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კაიროში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთის და კვიპროსის ელჩებმა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ეგვიპტის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალი ლუტფი და წარმოების ყოფილი მინისტრი იბრაჰიმ ფავზი.