ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ეს არის რეგენერაციის აღმდგენი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, შესაბამისად, მომხმარებლებშიც დიდ მოწონებას იმსახურებს.

თუმცა, მაია დევნოზაშვილის თქმით, ნედლეულის გაძვირების გამო, „დემას“ პროდუქტების ფასიც დაახლოებით, 50-60%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, საპნების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება ვირის რძით დამზადებული საპნებით მიიპყრო. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, პროდუქცია ბებიის რეცეპტით მზადდება, რომელსაც სხვადასხვა სახის მცენარეებზე დამზადებული სამკურნალო მალამო ემატება.

საოჯახო ტიპის საწარმო ბოლნისის რაიონის სოფელ ბალიჭში მდებარეობს და გარდა საპნებისა, სარეცხ საშუალებასაც უშვებს, რომელიც ანტიალერგიულია.

მაია დევნოზაშვილის თქმით, თავდაპირველად პროდუქცია მხოლოდ ოჯახისთვის, სახლის პირობებში მზადდებოდა, თუმცა 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც კომპანიამ 5000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა, უკვე მცირე ბიზნესად იქცა.

საწარმოში, რომლის შენობაც ოჯახის საკუთრებაა, ჯერჯერობით მხოლოდ თავადვე მუშაობენ.

კომპანიის მიერ წარმოებული მყარი საპნები ყოველდღიური ჰიგიენური მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. მისი დამზადებისთვის კი მაია დევნოზაშვილი გვირილას, კურკუმას, თავშავას, პიტნას, ცაცხვს, ჭინჭარს და სხვა მრავალ მცენარეს იყენებს. რაც შეეხება ნედლეულს, მცენარეები, ასევე, ვირის რძე ადგილობრივია, კომპანიას მხოლოდ ზეითუნის ზეთი შემოაქვს ესპანეთიდან.

ამ დროისთვის კომპანია უკვე 35-ზე მეტი დასახელების ჰიგიენის, თავის მოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებს.

„საწარმო გავაფართოვეთ, მანამდე პატარა ოთახში ვამზადებდით პროდუქტებს. თუმცა, დამატებით კადრები არ აგვიყვანია. რაც შეეხება წარმოებას, დავამატეთ ჩაის საპონი. ზოგადად, ჩაი რეგენერაციის აღმდგენია და ძალიან კარგი პროდუქტი გამოვიდა. ასევე, ვამზადებთ მიცერალურს, რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს.

რაც შეეხება ფასებს, იქიდან გამომდინარე, რომ ნედლეული ძალიან გაძვირდა, ჩვენც მოგვიწია პროდუქციისთვის ფასის მომატება. მაგალითად, ზეთები გაძვირდა თითქმის, 80-100%-ით, შესაბამისად, ჩვენი პროდუქციის ღირებულებაც 50-60%-ით გაიზარდა და ახლა უკვე, სხვადასხვა პროდუქტებზე ფასები 8-დან 16 ლარამდე მერყეობს“, -ამბობს მაია დევნოზაშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად პროდუქტის გაძვირებისა და პანდემიისა, მომხმარებელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

„ჩვენი პროდუქტები საზღვარგარეთაც გაქვთ ემიგრანტებს, გვყავს ერთგული მომხმარებლებიც, რომლებმაც ერთხელ შეიძინეს და მას შემდეგ ჩვენი მუდმივი კლიენტები გახდნენ. ზოგადად კი, „დემას“ პროდუქტების მოხმარება მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ჩვენი პროდუქტების შეძენა რამდენიმე მაღაზიაში და ასევე აფთიაქებშია შესაძლებელი.

რაც შეეხება პანდემიის სირთულეებს, დაბრკოლებები იყო. მაგალითად, ადრე ყველა გამოფენაში ვიღებდით მონაწილეობას, რაც რეალიზაციის მაჩვენებელზეც კარგად ისახებოდა, ახლა კორონა ვირუსის გამო, მსგავსი აქტივობები თითქმის აღარ ტარდება“,- ამბობს მაია დევნოზაშვილი.

ნინი ქეთელაური