,,ფასის მატების მიუხედავად, რეალიზაცია არ შემცირებულა“ - ,,ტკბილი ქვეყანა“

,,ფასების გაზრდა იანვარში მოგვიწია, მაგრამ მიუხედავად ამისა, წელს რეალიზაცია არ შემცირებულა“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,ტკბილი ქვეყნის“ კომერციულმა დირექტორმა განაცხადა. კახაბერ ყრუაშვილის თქმით, მიმდინარე წელს მათ პროდუქციაზე ფასები 5-7%-ით გაიზარდა.

,,ფასები მატება მთელი გასული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აბსოლუტურად ყველაფერზე. ფქვილზე, შაქარზე და სხვა, ყველა ინგრედიენტზე. ამას დაემატა იანვრიდან კომუნალური გადასახადების, კერძოდ კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფის ზრდაც. რაც ცხადია, აისახა ბიზნესზე. მიუხედავად იმისა, რომ მთელი გასული წელი ვითვალისწინებდით ქვეყნაში არსებულ რეალობას და ღირებულებას არ ვზრდიდით, ფასების გაზარდა გარდაუვალი იყო და მიმდინარე წელს, სხვადასხვა პროდუქციაზე ფასები 5%-იდან 7%-ამდე გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, რეალიზაცია არ შემცირებულა და მეტიც, მიმდინარე წელსვე, სამი ახალი სახეობის დამატება მოვახერხეთ“, - განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ კახაბერ ყრუაშვილმა.

​ შ.პ.ს. “ტკბილი ქვეყანა” 2005 წლის დეკემბერში დაარსდა. კომპანიამ ფუნქციონირება 2006 წლის მარტიდან დაიწყო. ამ დროისთვის კომპანია 180 დასახელების პროდუქციას აწარმოებს და ქვეყნის მასშტაბით 10 000-მდე ობიექტს აწვდის ნაწარმს. „ტკბილ ქვეყანაში“ დასაქმებულია 500 ადამიანი.

თამარ მუკბანიანი