,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს" ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

„მესამე „ლოქდაუნს" ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახა ხაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა კონტროლის მექანიზმის გაზრდაა. მისივე თქმით, კომპანიას 2022 წლისთვის აქვს გეგმები, თუმცა რამდენად განხორციელებადია ისინი, უახლოეს მომავალში არსებული ეპიდ სიტუაცია გამოაჩენს.

,,ამ ეტაპზე, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს 2022 წლისთვის. ვგეგმავთ, რომ გავხსნათ მულტიბრენდული მაღაზია. ასევე, გეგმაში გვაქვს ფეხსაცმლის 5 მაღაზია დავამატოთ, მაგრამ რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, ამას მაინც აგვისტოში და სექტემბერში ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს. თუ ინფიცირების მაჩვენებელი ამ ტემპით გაიზარდა, რა თქმა უნდა, ყველა გეგმა შეუსრულებელი გახდება. ბიზნესმა ორი "ლოქდაუნი" უკვე გაიარა, მესამე "ლოქდაუნს" ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს. ეს ყველამ ვიცით.

ამ ეტაპზე ეპიდ-სიტუაცია ნამდვილად არ ეტყობა ვაჭრობას, რადგან ფასდაკლებების პერიოდია, მაგრამ თუ ზრდა ამ ტემპით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ეს აისახება მომხმარებლის ქცევაზეც, რომელსაც ახსოვს, რომ შედეგი ჩაკეტვაა. ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას ვერაფერი შეაჩერებს, თუ კონტროლის მექანიზმები არ გაზარდეს“, - განაცხადა ხაზარაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

მისივე თქმით, 2019 წელთან შედარებით პირველ 6 თვეში კლება საკმაოდ დიდია.

„ჩვენ ვნახეთ, რომ სტატისტიკით ეკონომიკის დიდი ზრდა გვაქვს, მაგრამ 2019 წლის ნიშნულს რომ შევადაროთ, ლარში არა, მაგრამ დოლარში, დიდი კლება გვაქვს. მოგეხსენებათ თითქმის სრულად იმპორტზე ვართ მიბმული და ამ დროს 18%-იანი დევალვაცია ძალიან მაღალი და მნიშვნელოვნად ასახვადია“, - ამბობს ხაზარაძე.

თამარ მუკბანიანი