600 კმ საათში - ჩინეთში მაგნიტურ რელსებზე მოძრავი მატარებლები წარადგინეს

ჩინეთში მაგნიტურ რელსებზე მოძრავი მატარებლები წარადგინეს, რომლებსაც ერთ საათში 600 კილომეტრის განვითარება შეუძლია. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მატარებლები ყველაზე სწრაფი სახმელეთო გადაადგილების საშუალებაა.

მაგნიტური მატარებლები სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფმა ჩინურმა კომპანია China Railway Rolling Stock Corporation-მა შექმნა.

როგორც ცნობილია, მატარებელზე განთავსებული მაგნიტების შედეგად ის რელსების ზედაპირს არ ეხება, რაც ხახუნის ძალას ამცირებს და ტრანპორტს უსწრაფეს სიჩქარეს ანიჭებს.

ჩინეთში მანგიტური მატარებლების გამოყენება 20 წლის წინ დაიწყეს, თუმცა ისინი გრძელი საქალაქთაშორიოს გადაადგილებისთვის აქამდე განკუთვნილი არ იყო.

როგორც ცნობილია, მატარებლებს პეკინსა და შანხაის შორის არსებული 1 300 კილომეტის დაფარვა სულ რაღაც 2.5 საათში შეეძლებათ. შედარებისთვის, ამ მანძილის დასაფარად თვითმფრინავს საშუალოდ 3 საათი სჭირდება.

ჯერ კიდევ 21-ე საუკუნის დასაწყისში ჩინეთში ჩქაროსნული რკინიგზები საერთოდ არ არსებობდა. მატარებლით მგზავრობა არც ისე კომფორტული და გადაადგილების ნელი საშუალება იყო. დღეს კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ჩინეთს მსოფლიოში ჩქაროსნული მატარებლების ყველაზე დიდი სისტემა აქვს.

დღესდღეობით ჩინეთის სარკინიგზო სისტემის სიგრძე 37 900 კილომეტრს შეადგენს და ქვეყნის უდიდეს ქალაქებს ერთმანეთთან აკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ რკინიგზის ნახევარი მხოლოდ 5 წლის განმავლობაში აშენდა, მიმდინარე წლის ბოლომდე კი, მას კიდევ 3 700 კილომეტრიანი მონაკვეთი დაემატება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პროექტის მიხედვით, 2035 წლისთვის ჩინეთის რკინიგზის სიგრძე 70 000 კილომეტრამდე უნდა გაიზარდოს.

ბექა ბერიაშვილი