„კემპინგი სხვის ბაღში“- უცნაური ტენდენცია, რომელიც ბრიტანეთში სულ უფრო პოპულარული ხდება

კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა და ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა. პანდემიამ განსაკუთრებით ტურიზმის სფერო დააზარალა. რეგულაციების გამო პლანეტის მასშტაბით მილიონობით ადამიანს უცხოეთში მოგზაურობის ნაცვლად საკუთარ ქვეყანაში დარჩენა მოუწია. შედეგად უამრავმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ მათ გარშემოც ძალიან ბევრი საინტერესო ადგილია. ამ ყველაფერმა კი შიდა ტურიზმი წაახალისა.

ბოლო დროს გაერთიანებულ სამეფოში ერთი საკმაოდ უჩვეულო და უცნაური ტენდენცია გამოიკვეთა. პანდემიის გამო უამრავი ადამიანი მასშტაბური თავშეყრის ადგილებს თავს არიდებს და დასვენება შედარებით იზოლირებულ გარემოში ურჩევნია. თუმცა იმის გამო, რომ ბევრ მათგანს ტყეში კემპინგისა და „ველურ პირობებთან გამკლავების“ გამოცდილება არ აღმოაჩნდა პოპულარული გახდა კერძო მესაკუთრეების ბაღების, მდელოებისა და ტყეების გაქირავება, სადაც ადამიანებს ბუნებით ტკბობა შეუძლიათ.

იდეა ძალიან მალე გახდა პოპულარული, რადგან ბევრ ადამიანს ტყეში დარჩენის, გზის დაკარგვისა და ველური ცხოველების თავდასხმის ეშინოდა, კერძო ტერიტორიებზე კი ისინი თავს უფრო დაცულად გრძნობენ.

იდეის ავტორებმა სპეციალური საიტიც კი შექმნეს wildpoint.com, სადაც ადამიანებს სხვადასხვა კატეგორიის 100-ზე მეტ ბაღსა თუ ეზოს სთავაზობენ. ამ დროისათივს არსებული მონაცემებით, ტერიტორიების ქირაობის სურვილი უკვე 4 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.

იმ ადამიანებისთვის კი, ვისაც ტერტორიის გაქირავება სურს, აუცილებელი კრიტერიუმებია ჰქონდეთ მინიმუმ 0.2 ჰექტარის ფართობის ეზო ან მდელო და საპირფარეშო. ზოგიერთი მფლობელი სტუმრებს საკოცონე ადგილსა და საუზმესაც კი სთავაზობს.

ამას გარდა, თუ მსურველებს კემპინგისთვის საჭირო კარვები, ლეიბები და სხვა ნივთები არ აქვთ, მათი შეძენა ვებ-გვერდზეც არის შესაძლებელი.

ბექა ბერიაშვილი