Crocs-ის ფეხსაცმელი, რომელიც ლოქდაუნს უხდება - სამედიცინო ფეხსაცმელი მსოფლიო ბრენდად გადაიქცა

მსხვილთავიანი ორიგინალური დიზაინის ფეხსაცმლის ამერიკულმა მწარმოებელმა, Crocs-მა რეკორდული გაყიდვების შესახებ ანგარიში წარმოადგინა, რომელსაც BBC ავრცელებს. თავდაპირველად სამედიცინო პერსონალის ფეხსაცმელი მსოფლიო ბრენდად გადაიქცა. კომპანიის გაყიდვებმა 30 ივნისამდელ სამ თვეში 640 მლნ დოლარს მიაღწია, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორჯერ მეტია. კოლორადოს შტატში ბაზირებულმა Crocs-მა წლის დარჩენილ პერიოდზე შემოსავლის პროგნოზიც გაზარდა. როგორც კომპანიის მოფლობელი აცხადებს, მოთხოვნა მთელი მსოფლიოში გაიზარდა.

დაბეგვრამდელი სუფთა მოგება აპრილი-ივნისის პერიოდში 190,5 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც გასულ წელს მხოლოდ 54,7 მლნ დოლარი იყო. გენერალური დირექტორი, ენდრიუ რისი მოელის, რომ 2021 წელს შემოსავალი 65%-ით გაიზრდება მაშინ, როცა აპრილში კომპანია 50%-ზე მეტ ზრდას არ პროგნოზირებდა.

„Crocs-ის ბრენდზე მეტად მაღალი მოთხოვნა მთელ მსოფლიოში ახლაც შესამჩნევია. შეიძლება, ითქვას, რომ ეს „ლოქდაუნის ფესხაცმელია“, რადგან შინ ჩაკეტილი ადამიანების ტანსაცმელს უხდება,“ - აცხადებს რისი.

გასულ თვეს Crocs-მა აშშ-ს საერთაშორისო სავაჭრო კომისიაში სარჩელი შეიტანა, რათა გამკლავებოდა იმ კომპანიებს, რომლებსაც ოკეანისგაღმიდან კოპირებული ვერსია შემოჰქონდათ. კომპანია, ასევე, უჩიოდა 21 მაღაზიას, რომლებიც სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლებაზე კანონს არღვევდნენ. ამ მაღაზიებს შორის, საცალო ვაჭრობის გიგანტი Walmart-იც იყო.

მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ Crocs-ში შიშობენ კიდეც, შეძლებენ თუ არა პანდემიის გამო პარტნიორი მომღერლის, ჯასტინ ბიბერის კომპანიისა და მოდის სახლ Balenciaga-ს შეკვეთების დაკმაყოფილებას, რადგან, როგორც გენერალური დირექტორი, ენდრიუ რისი აცხადებს, ფეხსაცმლის უმსხვილესი საწარმო ვიეტნამში დროებით იხურება.

თუმცა ენდრიუ რისი ინვესტორების საყურადღებოდ აცხადებს, რომ გათვლას სანდლებსა და Jibbitz-ის მომხიბვლელ ფეხსაცმელზე აკეთებს. რისის სტრატეგიით, Crocs აზიასა და განსაკუთრებით, ჩინეთში კამპანიას ცნობილი სახეების მონაწილეობით გეგმავს, რადგან გრძელვადიანი ზრდისთვის პერსპექტივას სწორედ ამ რეგიონში ხედავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ