ყალბი ანტიკოვიდური სპორტული სამოსის გამო ავსტრალიური კომპანია 2,6 მლნ ფუნტით დაჯარიმდა

სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ავსტრალიური კომპანია Lorna Jane 2,6 მლნ ფუნტ სტერლინგით (5 მლნ ავსტრალიურ დოლარად) დაჯარიმდა, რადგან სარეკლამო კამპანიაში აცხადებდა, რომ მისი ელასტიური ტანსაცმელი Covid-19-ს არ იკარებს და ვირუსის გავრცელებას აჩერებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

Lorna Jane არეკლამებდა, რომ მის ტანსაცმელში LJ Shield-ის „რევოლუციური ტექნოლოგია“ გამოიყენება, რომელიც ყველა პათოგენის გავრცელებას აღმოფხვრავს. მოსამართლემ ამ კამპანიას „ექსპლუატაციური, მტაცებლური და პოტენციურად საშიში“ უწოდა. კომპანია სასამართლო გადაწყვეტილებას ეთანხმება და აცხადებს, რომ შეცდომაში საკუთარმა მომმარაგებელმა შეიყვანა.

„საიმედო მომმარაგებელმა პროდუქტი მოგვყიდა, რომელიც ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც გვპირდებოდა. მათ დაგვაჯერეს, რომ LJ Shield ტექნოლოგია ავსტრალიის გარდა, იყიდება აშშ-ში, ჩინეთსა და ტაივანში; თითქოს ეს როგორც ანტიბაქტერიული, ისე ანტივირუსული ტექნოლოგია იყო. ჩვენ გვეგონა, რომ ამით მომხმარებლებს სარგებელს მოვუტანდით,“ - აცხადებს Lorna Jane-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბილ კლარკსონი.

სასამართლოში სარჩელი ავსტრალიის მომხმარებელთა და კონკურენციის კომისიამ (Australian Competition & Consumer Commission-ACCC) მას შემდეგ შეიტანა, რაც გასული წლის ივლისში, კოვიდპანდემიის დროს, Lorna Jane-მა გაყიდვები და სარეკლამო კამპანია დაიწყო. ფედერალური სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილებაში წერს, რომ „Lorna Jane მომხმარებლებს უცხადებდა, თითქოს თავისი პროდუქციისთვის გონივრული სამეცნიერო ან ტექნოლოგიური საფუძველი ჰქონდა, რაც სინამდვილეში არ ჰქონია.“ მოსმართლემ კომპანია „მომხმარებლებისთვის ყალბი, ხოლო საზოგადოებისთვის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდებაში“ დაადანაშაულა.

„ეს საშინელი საქციელი იყო, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრივ სერიოზულ ამბიციებს შეიცავდა მაშინ, როცა ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. მთელი მარკეტინგული კამპანია ეფუძნებოდა მომხმხარებლის სურვილს, მეტად დაცული ყოფილიყო გლობალური პანდემიისგან,“ - აცხადებს ACCC-ის თავმჯდომარე, როდ სიმსი.

Lorna Jane-ში აღიარეს, რომ კომპანიის დამფუძნებელმა და მთავარმა კრეატიულმა დირექტორმა, ლორნა ჯეინ კლარკსონმა პირადად მოიწონა და დაამტკიცა LJ Shield-ის აქტიური სამოსის სარეკლამო მასალა, ხოლო პრესრელიზსა და Instagram-ვიდეოში ცრუ განცხადებები გააკეთა.

ლორნა ჯეინ კლარკსონი ინგლისის ლანკაშირში დაიბადა, თუმცა ბავშვობაში მისი ოჯახი ემიგრაციით ავსტრალიაში გადავიდა. ის ბიზნესს 30 წელზე მეტია, ეწევა. კომპანიას მაღაზიები აქვს ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, აშშ-სა და სინგაპურში. მოსამართლემ მფლობელს კორექტირებული პრესრელიზის გავრცელება მოთხოვა. კომპანიას, ასევე, აეკრძალა 3 წლის განმავლობაში რაიმე ანტივირუსული განცხადების კეთება თავის სპორტულ სამოსთან დაკავშირებით, თუკი ამისთვის გონივრული საფუძველი არ იარსებებს.

ამასთან, გასულ კვირას წამლის ზედამხედველობის სამმართველომ Lorna Jane, კოვიდის შესახებ უკანონო რეკლამის გამო, 40 000 ავსტრალიურ დოლარად დააჯარიმა.

„ასეთ რეკლამას ავსტრალიის საზოგადოებისთვის შესაძლოა, საზიანო შედეგები მოჰყვეს, რადგან უსაფრთხოების ყალბ განცდას ქმნის, რითიც ჰიგიენისა და სოციალური დისტანცირების მიმართ ხალხის ნაკლებ სიფხიზლეს იწვევს,“ - ნათქვმაია სამმართველოს განცხადებაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ