„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის მფლობელი, ნიკა ბაგალიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ბაზარზე კვლავ განსაკუთრებული მოთხოვნაა ფერად ბოსტნეულზე.

,,წელს ბაზარს რამდენიმე სიახლე შევთავაზეთ, როგორც ბოსტნეულის ნაწილში, ასევე პირველად გვაქვს ბაბუაწვერა მურაბა. იასამნისფერი კარტოფილი, იასამნისფერი სტაფილო. ქოთნის ფერადი და ძალიან ცხარე წიწაკები. ასევე წელს, მაქვს შავი პომიდორი. რომელიც ვიზუალურად ნამდვილად შთამბეჭდავია და გემოვნური თვისებებითაც განსხვავდება ჩვეულებრივი პომიდვრისგან, მიუხედავად იმისა, რომ პომიდვრის აუთენტური გემოც იგრძნობა.

განსაკუთრებული ინტერესი იასამნისფერმა კარტოფილმა გამოიწვია. ფეისბუქზე პოსტის დადებისთანავე, ერთ-ერთმა რესტორანმა მომწერა, რომ რაც კი მაქვს მოსავალი, მთლიანად სურთ შეძენა.

ვგეგმავთ გაფართოებას და ამ თვის ბოლოდან ვიწყებთ კაფის, აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი სათბურის მშენებლობასაც. ამის შემდეგ, ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური. ზამთარში ძალიან მოთხოვნადია ხოლმე ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო, რომლებიც ბავშვთა კვებაში გამოიყენება და ეს ორი, აუცილებლად გვექნება“, - განაცხადა ბაგალიშვილმა.

ცნობისთვის, მეურნეობა ალაზნის ველზე, წნორში მდებარეობს.„სამყურას“ წარმოებული პროდუქცია ბაზარზე 2018 წლიდან იყიდება. მიმდინარე წლის სექტემბრიდან კი ბოსტნეულთან და სხვა პროდუქტებთან ერთად, მეურნეობას ბიო ზეთის წარმოებაც დაემატება.

თამარ მუკბანიანი