Giorgio Armani-ის მიზანია, პანდემიამდელ დონეს მომავალ წელს დაუბრუნდეს

მილანის მოდის სახლის, Giorgio Armani-ს გაყიდვები წლის პირველ ნახევარში 34%-ით გაიზარდა. სააგენტო Reuters ამის მიზეზად ჩინეთსა და აშშ-ში გაყიდვების მატებას ასახელებს, თუმცა იტალიურ ჯგუფში აცხადებენ, რომ პანდემიამდელ მდგომარეობას შემდეგ წელს დაუბრუნდებიან.

„ჩვენი მიზანია, პანდემიამდელ მდგომარეობას 2022 წელს დავუბრუნდეთ და გვქონდეს 2 მლრდ ევროზე მეტი პირდაპირი კონსოლიდირებული შემოსავალი,“ - ნათქვამია Giorgio Armani-ს განცხადებაში, რომელიც 2020 წლის ფინანსურ შედეგებსა და იანვარ-ივნისის ტენდენციებს ეხება.

გასულ წელს კონსოლიდირებული სუფთა გაყიდვები 25%-ით, 1,6 მლრდ ევრომდე (1,9 მლრდ დოლარამდე) შემცირდა, საიდანაც ძირითადი კლება წლის პირველ ნახევარში მოხდა.

„2020 წელს ჩვენი შემოსავლების შემცირება მხოლოდ პანდემიას კი არა, არამედ Giorgio Armani-ს სტრატეგიულ პრინციპსაც უკავშირდება, რომლის მიხედვითაც „ცოტა არის ბევრი“, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ჯუზეპე მარსოჩი.

მისი თქმით, წლევანდელი დადებითი დინამიკა მომავალი წლის კარგ შემოსავლებზე მიუთითებს.

მთელი გასული წლის განმავლობაში მილანის მოდის ჯგუფმა 90 მლნ ევროს კონსოლიდირებული სუფთა მოგება მიიღო, თუმცა 29 მლნ ევროს ოპერაციული ზარალი ნახა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: სუფთა ფულადმა სახსრებმა და ფულადმა ექვივალენტებმა 1.088 მლრდ ევრო შეადგინა.

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ Armani-ს მემკვიდრეობის შესახებ, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც 87 წლის დიზაინერმა განაცხადა, რომ სხვა იტალიურ კომპანიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. თვის დასაწყისში წყაროზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი წერდა, რომ იტალიური ოჯახის, Agnelli-ს მემკვიდრე, ჯონ ელკანი Armani-სთან გაერთიანებას მოდის კონგლომერატის შექმნის მიზნით მოიაზრებდა. ჯონ ელკანი ფრანგულ-იტალიური ავტოკონცერნ Stellantis-ის ხელმძღვანელია. მან არმანის მილანური მოდის სახლის მინორიტული აქციათა პაკეტის შესყიდვა შესთავაზა.

ჯორჯო არმანის შვილები არ ჰყავს, ამიტომ 2016 წელს მან დააარსა ფონდი, რომელმაც მემკვიდრეობის საკითხი უნდა მოაგვაროს და მოდის სახლის კაბალურ გაყიდვასა და მისი ბიზნესის დანგრევას ხელი შეუშალოს. ივნისში, მამაკაცის ტანსაცმლის ბოლო კოლექციის დემოსტრაციის დროს, არმანიმ მემკვიდრეობაზე მიანიშნა, რომ ამ საკითხს თანაშემწეების ახლო წრეში მოაგვარებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ