„ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია და ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ"

ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია და ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ სრული „ლოკდაუნის“ გამო, საკმაოდ სოლიდური სესხი აიღო და ახლა, არსებულ პირობებში, სესხის აღების არც შესაძლებლობა და არც სურვილი არ გააჩნია.

„შევეცდები, ძალიან მარტივად აგიხსნათ, რა განსხვავებაა 2021 წელსა და 2020 წლის გაზაფხულს შორის. თვისობრივად სხვა ვითარება იყო, ერთი, რომ მართვის ცოდნა მაშინ ნაკლებად არსებობდა მსოფლიოში და საქართველოში, ჩვენ ახლა უკვე თითქმის 1,5 წელი პანდემიის რეჟიმში ვიმყოფებით, ცოდნაც და უნარიც გაცილებით მეტია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გაცილებით უფრო მეტად არის აღჭურვილი და გაძლიერებული, ასევე ჩვენ გვაქვს ვაქცინა, რაც შარშან არ არსებობდა. შედარებით მარტივია, პირობითად რომ ვთქვათ, ინფიცირებულთა რიცხვის მართვა ჩაკეტვის პირობებში იმიტომ, რომ ჩაკეტილია და პრაქტიკულად, გადადების შესაძლებლობა ნაკლებია, მაგრამ ამისთვის საჭიროა დამატებითი რესურსები, რომ ჩვენ დავეხმაროთ იმ ინდუსტრიებს, ვინც არის ჩაკეტილი.

ჩვენ ამისთვის დიდძალი სესხი ავიღეთ. მეტი სესხის აღების არც შესაძლებლობა, არც სურვილი არ გაგვაჩნია. სესხი სესხია, ადრე თუ გვიან ის დასაბრუნებელი იქნება. ამიტომ, ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია და ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ. ამას სწორედ ასე განვახორციელებთ“,- განაცხადა თურნავამ.