ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ინფიცირების ზრდის მიუხედავად პანდემიასთან ბრძოლა შესაძლებელია ისე, რომ ეკონომიკა არ შეფერხდეს.
მისი თქმით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რათა ეკონომიკის გაჯანსაღება მოხდეს, გაიზარდოს დასაქმება, დავძლიოთ სიღარიბე და პანდემიამ ეკონომიკაზე არ დაგვარტყას.
„ეპიდემიოლოგიური ვითარება არ არის მარტივი, ზაფხულის სეზონზე მობილობის გაზრდასთან ერთად ინფიცირების მაჩვენებელიც იზრდება, თუმცა ჩვენ დღეს ვართ მყარად, როგორც არასდროს იმ პოზიციაზე, რომ შესაძლებელია პანდემიასთან ისე ბრძოლა, რომ ჩვენი ეკონომიკა არ შევაფერხოთ, რაც შეუძლებელი იქნება ახლა იმიტომ, რომ მთავარი საწინდარი ჩვენი ეკონომიკის განვითარების ეს არის შეუფერხებელი ფუნქციონირება ამა თუ იმ დარგის და მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად 3 000 000 ხელმისაწვდომი სხვადასხვა ვაქცინის დოზა, მათ შორის "ფაიზერი". ადგილზე გვაქვს უკვე 2 000 000 დოზა ჩინური ვაქცინა, ასევე "ფაიზერი". კიდევ 1 000 000 დოზა „ფაიზერი“ ერთი თვის განმავლობაში შემოვა, ანუ არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ავიცრათ და არის თუ არა ვაქცინა ხელმისაწვდომი, რაც ამა თუ იმ ადამიანს სურს, რომ გაიკეთოს, არ არსებობს.
ჩვენ ჩართული ვართ საკმაოდ აქტიურ კამპანიაში, მთავრობის წევრებიც კი დავდივართ და სხვადასხვა დარგის ვაქცინაციას ვესწრებით.
მე პირადად საწარმოების თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს ვესწრები, მაგალითად, დავესწარი ბათუმში მეზღვაურთა სექტორის ვაქცინაციის პროცესს.
ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რათა მოხდეს ეკონომიკის გაჯანსაღება, გაიზარდოს დასაქმება და დავძლიოთ სიღარიბე. არ დაგვარტყას პანდემიამ ეკონომიკაზე და ეს სრულიად შესაძლებელია, თუ ყველა ვიქნებით კონსოლიდირებული“, - განაცხადა თურნავამ.