გერმანიაში საქმიანი კლიმატი შემცირდა

Ifo-ს ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიის საქმიანი კლიმატი დაეცა და 101,7-იანი ინდექსი ივნისში 100, 8-დე შემცირდა. მიზეზად კოვიდინფიცირების შემთხვევების მატება და მომარაგების ჯაჭვში დეფიციტის საფრთხეები სახელდება.

Ifo-ს პრეზიდენტი, კლემენს ფუესტი აცხადებს, რომ „გერმანიის ეკონომიკაში განწყობა გაუარესდა.“ მომარაგების პრობლემები ისევ დიდ ტვირთად აწევს სამრეწველო და საცალო სექტორებს. საწარმოთა 64% მასალის უკმარისობას განიცდის.

„კომპანიებმა თავიანთ დღევანდელ მდგომარეობაზე შედარებით უკეთესი სურათი დახატეს, მაგრამ უახლესი თვეების ოპტიმიზმი კლებისკენ დაიძრა“, - წერია ანგარიშში.

ივნისში მოლოდინის ინდექსი 103,7-დან 101,2-მდე შემცირდა, თუმცა არსებული პირობების ინდექსი 99,7-დან 100,4-მდე გაიზარდა.

„COVID-19-ის პანდემიამ, ჩინეთსა და გერმანიაში სტიქიურმა უბედურებამ და კიბერშეტევებმა გლობალური მიწოდების ჯაჭვი კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანა, რაც ნედლეულის, დეტალებისა და სამომხმარებლო საქონლის მომარაგებას დიდ საფრთხეს უქმნის. განსაკუთრებით შეშფოთებულია ტურისტული და სამომხმარებლო სექტორი კორონავირუსის მეოთხე ტალღის გამო,“ - წერია ანგარიშში.

ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის ქვეყანაში, გერმანიაში ივლისიდან დაავადების შემთხვევები მატულობს, რაც სწრაფად გადამდებ დელტაშტამს უკავშირდება. 83 მილიონი ადამიანიდან კოვიდვაქცინის პირველი დოზით 60% აცრილია, ხოლო მოსახლეობის, თითქმის, ნახევარი სრულად ვაქცინირებულია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ