ვლადისლავ სურკოვი: რუსეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს სამხრეთ ოსეთს ინვესტიციების მიზიდვაში

რუსეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს სამხრეთ ოსეთს ინვესტიციების მიზიდვაში.

ამის შესახებ ცხინვალში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტის თანამშემწემ, ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსი ინვესტორების მიზიდვაში ძირითადი როლი თავად სამხრეთ ოსეთმა უნდა ითამაშოს. თავის მხრივ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა, ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ დაგროვილ გამოცდილებას სამხრეთ ოსეთი ეფექტურად გამოიყენებს 2015-2017 წლების საინვესტიციო პროგრამის რეალიზაციისას.

"სამხრეთ ოსეთი და რუსეთი მომავალშიც გააღრმავებენ ინტეგრაციულ პროცესს. რუსეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ქვეყანა, რომელიც სამხრეთ ოსეთს ყველაზე რთულ პერიოდში დაეხმარა და ჩვენი მიზანია განვავითაროთ თანამშრომლობა იმ მიმართულებით, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობასთან ერთად შევიმუშავეთ", - განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა. როგორც გუშინ ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა, რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. შეთანხმება იანვრის ბოლომდე მომზადდება.