საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2704 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2014 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2704 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 4 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. აქედან ექსპორტმა- 563 მლნ აშშ დოლარი (5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 2141 მლნ აშშ დოლარი (4 პროცენტით მეტი) შეადგინა.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 21 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი (2013 წლის იანვარ-ნოემბერში შესაბამისად 27, 21 და 29 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე სავაჭრო დეფიციტის 31 პროცენტი მოდიოდა (2013 წლის იანვარ-ნოემბერში 34 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2014 წლის იანვარ-ნოემბერში 3236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4 პროცენტით ნაკლებია 2013 წლის იანვარ-ნოემბერის მაჩვენებელზე. აქედან ექსპორტმა- 1365 მლნ აშშ დოლარს (7 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტმა 1871 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (2 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 52 პროცენტი და იმპორტში 24 პროცენტი (2013 წლის იანვარ-ნოემბერში შესაბამისად 35, 56 და 27 პროცენტი). 2014 წლის იანვარ-ნოემბერში, დსთ-ის ქვეყნებზე სავაჭრო დეფიციტის 10 პროცენტი მოდიოდა (2013 წლის იანვარ-ნოემბერში ასევე 10 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი (1775 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (1077 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთია (752 მლნ აშშ დოლარი).