ბრიტანეთი აუკრძალავს ჩინურ კომპანიებს ბრიტანული აეს-ის მშენებლობაში მონაწილეობას

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, ჩინეთის ატომურ ჯგუფს CGN-ს აუკრძალოს მუშაობა გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე. როგორც გაზეთი Financial Times-ი (FT) წერს, ამ მომენტისთვის ქვეყნის ხელისუფლება სწავლობს სხვადასხვა შესაძლებლობებს, შეზღუდოს ჩინური სახელმწიფო კომპანიის საქმიანობა ბრიტანეთში.

FT აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი განპირობებულია, ლონდონსა და პეკინს შორის გაციებული ურთიერთობით, არადა მათ 2015 წელს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ატომურ ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ. 2016 წელს CGN დათანხმდა დაეფინანსებინა სამიდან ერთ-ერთი ატომური ელექტრო-სადგურის პროექტი ჰინკლი-პოინტში, სომერსეტის საგრაფოში, აიღო რა ვალდებულება, რომ ხარჯების 33,5%-ს თავად დაფარავდა. მშენებლობას 2018 წლიდან აწარმოებს ფრანგული კომპანია Electricite de France (EDF), სომერსეტში ასევე მუშაობს CGN-ის ათობით ჩინელი სპეციალისტი.

EDF-ი და CGN-ი მოელოდნენ, რომ ააშენებდნენ ორ დანარჩენ პროექტსაც (საიზუელის აეს-ი) საფოლკის საგრაფოში და (ბრედუელის აეს-ი) ესექსის საგრაფოში. ამ ორმა პროექტმა ჯერ ვერ მიიღო ბრიტანეთის ხელისუფლებისგან მწვანე შუქი. მანამდე ბრიტანული მედია წერდა, რომ CGN-მა შესაძლოა უარი თქვას მათში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბრედუელის აეს-ს უნდა ემუშავა არა ევროპულ არამედ ჩინურ რეაქტორებზე. FT-ს წყაროები აცხადებენ, რომ ლონდონმა EDF-ს შესთავაზა ეპოვნა ახალი პარტნიორები და იმედი აქვს, რომ CGN დატოვებს ორივე პროექტს ნებაყოფლობით.

CGN-თან თანამშრომლობაზე ლონდონი მანამდეც არაერთხელ გააფრთხილა აშშ-ის ხელისუფლებამაც, ამერიკელების აზრით, ჩინელებს შეეძლოთ მოეპარათ ტექნოლოგიები ჩინური სამხედრო საჭიროებისთვის. 2019 წელს ამერიკულმა მხარემ ეს კომპანია შავ სიაში შეიყვანა, როგორც პოტენციურ საფრთხის შემქმნელი ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებისთვის. მანამდე ამერიკული მხარის რჩევით ლონდონმა უარი თქვა ჩინურ Huawei-სთან თანამშრომლობაზე, რომელსაც უნდა ემუშავა ქვეყანაში 5G ქსელის შესაქმნელად. მისი პროდუქციის ჩანაცვლება მოხდა სხვა მწარმოებლების პროდუქციით.

კოკა კვირკველია