Volvo რეკორდულ შემოსავლებზე გვატყობინებს

კომპანია Volvo Cars-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ნახევარი იყო რეკორდული ბრენდის 94 წლის ისტორიაში, თუმცა, კომპანია წუხს, რომ მიკროჩიპების დეფიციტი წლის მეორე ნახევარში მასაც შეუქმნის პრობლემას სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად.

ავტომწარმოებლის განცხადებით, მათ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რეკორდულად ბევრი ავტომობილი გაყიდეს და შესაბამისად, შემოსავალიც რეკორდული მიიღეს.

Volvo-მ ამ საანგარიშო პერიოდში 13,24 მილიარდი კრონის (1,5 მილიარდი დოლარის) სუფთა მოგება ნახა, მაშინ როცა გასულ წელს 989 მილიონი კრონით იზარალა. ბრენდის შემოსავლები ამავე პერიოდში გაზრდილია 26%-ით 141,1 მილიარდ კრონამდე (16,2 მილიარდ დოლარამდე).

2021 წლის პირველ ნახევარში Volvo-მ 380 757 ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-იანი ზრდაა.

კომპანიაში აღნიშნულ ზრდას წამყვან ბაზრებზე პოსტ-პანდემიურ ეკონომიკურ გააქტიურებას და გაყიდვების ზრდას უკავშირებენ. ბრენდმა აშშ-ში (+47.4%), ევროპასა (+35.4%) და ჩინეთში (+44.9%) მიმდინარე წელს წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი ავტომობილი გაყიდა.

კოკა კვირკველია