შვეიცარული სასურსათო გიგანტი Nestle და აშშ-ს ყავის ქსელი Starbucks-ი თანამშრომლობას აფართოებენ. კერძოდ, კომპანიები გეგმავენ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, წყნარი ოკეანის ქვეყნებსა და ლათინური ამერიკის ბაზარზე მზა ყავის სასმელები გაიტანონ.
2018 წელს Nestle-მ და Starbucks-მა ხელი მოაწერეს გლობალურ სალიცენზიო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც Nestle-მ გლობალურ ბაზარზე, კვების პროდუქტებთან ერთად, Starbucks-ის დაფასოებული ყავის რეალიზაციის უვადო უფლება მიიღო. ეს შეთანხმება გამორიცხავდა პროდუქტებს, რომლებიც Starbucks-ის ყავახანებში იყიდებოდა და არ ეხებოდა Starbucks-ის მზა სასმელებსაც.
„ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებით, რომელიც მზა ყავას ეხება, Nestle ყავის სექტორში მსოფლიო ლიდერობას გაიმყარებს და ზრდის ახალი შესაძლებლობებით ისარგებლებს სეგმენტში, რომელიც სწრაფად ვითარდება და ახალ ან ახლგაზრდა მომხმარებლებს იზიდავს“, - აცხადებს Nestle-ს ყავის ბრენდების ხელმძღვანელი, დევიდ რენი.
გაფართოებული პარტნიორობის ფარგლებში, Nestle და Starbucks მომავალი წლიდან წარმოადგენენ ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა, მაგალითად, Starbucks Frappuccino და Doubleshot, ასევე, ახალ პროდუქტებს შეიმუშავებენ.
გასულ წელს Starbucks-ის პროდუქტებზე Nestle-ს გაყიდვებმა 2,7 მლრდ შვეიცარულ ფრანკს (2,95 მლრდ დოლარს) მიაღწია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ