Amazon-ი ბიტკოინის მიღებაზე ინფორმაციას უარყოფს, თუმცა შესაბამის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

Amazon-მა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო, თითქოს ელექტრონული კომერციის გიგანტი წლის ბოლოსთვის გადახდებს ბიტკოინებშიც მიიღებდა. ამ თემაზე რეპორტაჟი ლონდონის ბიზნეს-გამოცემა City A.M.-მა მოამზადა, რის შემდეგაც ბიტკოინის ფასმა 14,5%-ით მოიმატა, თუმცა ბოლო ვაჭრობაზე მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ღირებულება ისევ შემცირდა და მხოლოდ 6%-იანი ზრდით, 36.684.04 დოლარს მიაღწია. როგორც გაზეთი წერდა, მისი რეპორტაჟის წყარო უცნობი „ინსაიდერია“.

„სპეკულაციები, რომლებიც კრიპტოვალუტების შესახებ ჩვენი კონკრეტული გეგმების გარშემო შეიქმნა, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ კვლავ ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, თუ როგორ სახეს მიიღებს ეს ჩვენი მომხმარებლებისთვის“, - ნათქვამია Amazon-ის განცხადებაში.

Reuters-ის ცნობით, 22 ივლისს კომპანიამ ლიდერის თანამდებობაზე ვაკანსია გამოაცხადა, რომელიც ბლოკჩეინითა და ციფრული ვალუტით გაყიდვების მიმართულებას ჩაუდგება სათავეში.

„სულ უფრო მეტი კომპანია იყენებს გადახდებში ვირტუალურ ვალუტას, რის შედეგადაც აქტივების ეს კლასი, რაზეც ფინანსური ინსტიტუტები უარს ამბობდნენ, სულ უფრო უახლოვდება საერთო აღიარებას“, - წერს Reuters-ი.

გასულ კვირას ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ბიტკოინებით გაყიდვებს აღადგენს, როცა კომპლექსური შემოწმების შემდეგ დარწმუნდება, რომ კრიპტოვალუტის მოპოვებაში საკმარის განახლებად ენერგიას იყენებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ