შემცირებული სავალუტო ჯიხურები, სესხის გამცემი სუბიექტები და ბანკების ფილიალები - როგორია ფინანსური ბაზრის ერთი წელი

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები - 88, ხოლო სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა - 10 ერთეულით შემცირდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია აღნიშნული.

გარდა ამისა, შემცირებულია კომერციული ბანკების სერვის-ცენტრებისა და ფილიალების რაოდენობაც.

უფრო კონკრეტულად, 2020 წლის ივნისის მონაცემით, საქართველოში კომერციული ბანკების 784 სერვის-ცენტრი მოქმედებდა, წელს ეს რაოდენობა 768-მდე შემცირდა. რაც შეეხება ფილიალების რაოდენობას, 2020 წლის ივნისში 162 ერთეული ოპერირებდა, წელს კი - 154.

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 15 ბანკი ოპერირებს.

ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 41-დან 39 ერთეულამდე შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში 88 ერთეულით შემცირდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობაც. თუ 2020 წლის ივნისში ბაზარზე 850 სავალუტო ჯიხური ოპერირებდა, ახლა მათი რაოდენობა 762-ს შეადგენს.

10 ერთეულით შემცირდა სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობაც. კერძოდ, მიმდინარე წლის ივნისში 189 სუბიექტი იყო დარეგისტრირებული, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 199.

ამასთან, სებ-ის სტატისტიკით, 2021 წლის ივნისში ბაზარზე ოპერირებდა 18 სადაზღვევო კომპანია, 5 - საპენსიო სააგენტო და საპენსიო სქემა, 2 - საფონდო ბირჟა და ერთი - არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება.

ნინი ქეთელაური