მსოფლიოს 5G ქსელის სადგურებიდან ჩინეთის წილი 70%-ია

ჩინეთის წამყვან სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, China Telecom-ს, China Unicom-სა და China Mobile-ს წლის ბოლომდე ჯამში 1,4 მილიონი 5G ქსელის საბაზისო სადგური ექნებათ. მონაცემებს ქვეყნის მრეწველობისა და ინფორმაციის სამინისტრო ავრცელებს.

დღეისთვის China Mobile, საბაზისო სადგურების ფლობის მიხედვით, უმსხვილესი ოპერატორია. მას ჩინეთის მასშტაბით 500 ათასზე მეტი სადგური აქვს დამონტაჟებული, ხოლო China Telecom და China Unicom ჯამურად 470 ათას სადგურს ფლობენ. წლის ბოლომდე China Mobile სადგურების რაოდენობას 700 ათასამდე გაზრდის, რაც მას საშუალებას მისცემს 5G ქსელით ქვეყნის ყველა ქალაქი და ძირითადი სოფლები დაფაროს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში დამონტაჟებული 5G ქსელის სადგურებიდან ჩინეთის წილი 70%-ია. სამთავრობო უწყების ცნობით, 2023 წლისთვის ჩინეთში 5G ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა 560 მილიონ ადამიანს მიაღწევს, რაც ქვეყანაში მობილური კავშირით მოსარგებლე საერთო რაოდენობის 40%-ია.

ჩინეთში მეხუთე თაობის ქსელის სადგურები პირველად 2019 წლის ოქტომბერში დაამონტაჟეს, რაც 2020 წლის განმავლობაში 580 ათასამდე გაიზარდა და ამ ქსელით ქვეყნის უმსხვილესი ქალაქები დაიფარა.

კოკა კვირკველია