სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემის ახალი წესი დაამტკიცა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემის წესი“ და ნებართვის მიღების მიზნით მონაცემთა დამმუშავებლების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში წარსადგენი განაცხადის ფორმა დაამტკიცა.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, კანონის თანახმად, დაწესებულებამ (მონაცემთა დამმუშავებელმა) წინასწარი ნებართვისთვის უნდა მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, თუ მან პერსონალური მონაცემები უნდა გადასცეს იმ სახელმწიფოში, რომელიც არ შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხაში და მონაცემთა გადაცემა არ არის გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით.

მათივე ცნობით, მონაცემთა სხვა სახელმწიფოში გადაცემის ახალ წესში დეტალურად და მკაფიოდაა აღწერილი მონაცემთა დამმუშავებლის მიერ, ნებართვის მიღების მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა და წარდგენის წესი, ასევე, სამსახურის მიერ განაცხადის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში გადაცემის წესს თან ერთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში წარსადგენი განაცხადის ფორმა, რაც ერთი მხრივ, ორგანიზაციებს გაუმარტივებს სამსახურისთვის მიმართვას, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.

პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემის წესი და ნებართვის მიღების მიზნით წარსადგენი განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულებზე:

https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2018/09/პერსონალურ-მონაცემთა-საერთაშორისო-გადაცემაზე-ნებართვის-გაცემის-წესი.pdf

https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2021/07/პერსონალურ-მონაცემთა-საერთაშორისო-გადაცემაზე-განაცხადის-ფორმა.docx