საპარტნიორო ფონდსა და K Water-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

საპარტნიორო ფონდსა და კორეულ კომპანია K Water-ს შორის, 280 მგვტ-იანი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად, ერთობლივი განვითარების ხელშეკრულება გაფორმდა.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს საპარტნიორო ფონდსა და K Water-ის მიერ პროექტის განვითარებას და შემდგომ - უშუალოდ მშენებლობას. "პროექტის განსახორციელებლად ფონდმა რამდენიმე თვე დაუღალავად იმუშავა: მომზადდა გენერალური პროექტი, გაკეთდა სადგურამდე მისასვლელი გზა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ჰიროელექტროსადგურის მშენებლობა არ იწვევს იმ სტანდარტულ პრობლემებს, როგორიც არის მოსახლეობის გასახლება ან ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები", - განაცხადა ხელმოწერის ცერემონიაზე ირაკლი კოვზანაძემ.

მისი განცხადებით, სადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დაეხმარება იმპორტის ჩანაცვლებას.

ჰიდროელექტროსადგური სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე, მდ.ნენსკრაზე აშენდება და მისი პოტენციური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო მშენებლობის ვადა ხუთი წელია. პროექტზე საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K Water-თან, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. პროექტის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფი).

სამხრეთ კორეული სახელმწიფოს წყლის რესურსების კორპორაცია ფლობს 20 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ჯამურ აქტივებს და მისი წლიური ბრუნვა შეადგენს 2 მლრდ აშშ დოლარს. კორეის გარდა, კორპორაცია პროექტებს ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებში ევროპის და აზიის მასშტაბით.