რომელია ტოპ-20 ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია

AirlineRatings.com-მა ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების top 20-ეული დაასახელა. კვლევაში, სახელწოდებით „მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიები“, ავიაგადამყვანები ტრადიციულად, უსაფრთხოების, მომსახურების, მგზავრთა კომფორტისა და ფრენების მარშრუტების მიხედვით არის დაჯგუფებული. წელს AirlineRatings-მა სარეიტინგო კრიტერიუმებს გლობალურ კოვიდპანდემიაზე რეაგირების მაჩვენებელიც დაამატა.

„წელს მოგების კრიტერიუმი ამოვიღეთ და მის ნაცვლად, ავიაკომპანიები იმის მიხედვით შევაფასეთ, აკმაყოფილებდნენ თუ არა კოვიდპანდემიაზე რეაგირების ჩვენეულ სტანდარტებს“, - განუცხადა CNBC-ის AirlineRatings.com-ის რედაქტორმა ჯეფრი ტომასმა.

საიტმა „წლის ავიაკომპანიად“ Qatar Airways დაასახელა. რეიტინგში ის პირველ ადგილზეა. დოჰაში ბაზირებულმა ავიაკომპანიამ მთავარი პრიზი ფრენის მომსახურებაში ინოვაციური სალონისა და პანდემიის დროს მუშაობის გაგრძელების მისწრაფებისთვის მიიღო. ამასთან, Qatar Airways პირველი ავიაკომპანია აღმოჩნდა, რომელმაც საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის უსაფრთხოების აუდიტი ოპერატიულად დაასრულა და თავისი კოვიდუსაფრთხოების საშვი პირველმა გამოცადა. გარდა ამისა, Qatar Airways-ს მსოფლიოში ყველაზე ახალი ავიაპარკი ჰქონია.

მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ტოპ 20-ეული ასეთია:

1. Qatar Airways (რომელსაც გასული წლის რეიტინგში მე-9 ადგილი ეკავა)

2. Air New Zealand (2020 წლის 1 ადგილით)

3. Singapore Airlines (2020 წლის მე-2 ადგილით)

4. Qantas (2020 წლის მე-4 ადგილით)

5. Emirates (2020 წლის მე-6 ადგილით)

6. Cathay Pacific (2020 წლის მე-5 ადგილით)

7. Virgin Atlantic (2020 წლის მე-7ადგილით)

8. United Airlines (გასული წლის სარეიტინგო სიაში საერთოდ ვერ მოხვდა)

9. EVA Air (2020 წლის მე-8 ადგილით)

10. British Airways (2020 წლის მე-17 ადგილით)

11. Lufthansa (2020 წლის მე-11 ადგილით)

12. All Nippon Airways-ANA (2020 წლის მე-3 ადგილით)

13. Finnair (2020 წლის მე-12 ადგილით)

14. Japan Airlines (2020 წლის მე-13 ადგილით)

15. KLM (2020 წლის მე-14 ადგილით)

16. Hawaiian Airlines (2020 წლის ანალოგიური, მე-16 ადგილით)

17. Alaska Airlines (2020 წლის მე-18 ადგილით)

18. Virgin Australia (2020 წლის მე-10 ადგილით)

19. Delta Air Lines (2020 წლის ანალოგიური მე-19 ადგილით)

20. Etihad Airways (2020 წლის იმავე მე-20 ადგილით)

„ჩვენს რეიტინგებში Air New Zealand-ს ბოლო 8 წლიდან 6 წლის განმავლობაში პირველი ადგილი ეკავა თავისი ინოვაციებითა და სალონური მომსახურების წყალობით“, - აცხადებს ჯეფრი ტომასი. მისი თქმით, ყოველწლიური სარეიტინგო კონკურსი უსაფრთხოების 7-ვარსკვლავიან ავიაკომპანიებს შორის ტარდება. 350 ავიაკომპანიიდან AirlineRatings.com-ს 7-ვარსკვლავით 150 ავიაკომპანია ჰყავს შეფასებული. AirlineRatings.com-მა 8 ავიაკომპანიას მხოლოდ ერთი უსაფრთხოების ვარსკვლავი მიანიჭა.

რეიტინგი, როგორც წესი, დაფუძნებულია ავიაშემთხვევების ისტორიაზე, პილოტებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე, სახელმწიფო აუდიტზე, მგზავრების გამოხმაურებებზე, ამჟამად კი კოვიდპროტოკოლზეც, რაც სოციალურ დისტანცირებას, თვითმფრინავების წმენდა-დეზინფექციასა და ეკიპაჟის მიერ ნიღბების ტარებას გულისხმობს.

AirlineRatings.com უსაფრთხო ავიაკომპანიების ტოპ 20-ეულის განახლებას 2022 წლის იანვრისთვის გეგმავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ