თურქეთი, ზანზიბარი, კენია  -  რომელ ქვეყნებში  მოგზაურობენ ყველაზე ხშირად ქართველი დამსვენებლები 2021 წლის ზაფხულში

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, საქართველოდან მოგზაურობა რიგ ქვეყნებში შეზღუდულია, მოთხოვნა მაინც დიდია.

,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, ტურისტულ სააგენტოებში ამბობენ, რომ ყველაზე მეტი დამსვენებელი საქართველოდან თურქეთს სტუმრობს. ჩამონათვალშია ახალი მიმართულებებიც: ზანზიბარი, კენია და აფრიკის სხვა ქვეყნები. ასევე, ხორვატია და სეიშელის კუნძულები, თუმცა იქ დასვენება გაცილებით ძვირი ჯდება.

როგორც ტურისტულ კომპანია ,,თრეველფაიში“ აცხადებენ, ფასები თურქეთის მიმართულებაზეც გაზრდილია, თუმცა მოთხოვნა მაინც ძალიან მაღალია.

,,ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული და აქტუალურია თურქეთის მიმართულება, მიუხედავად იმისა, რომ ფასები იქაც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. თურქეთმა რუსეთს გაუხსნა საზღვარი და ფასები კატასტროფულად გაზარდა დიდმა მოთხოვნამ. ივლისში კიდევ არ იყო იმდენად მაღალი ფასები, აგვისტოში ამ მხრივ კატასტროფაა.

შეთავაზებაში გვაქვს ხორვატიის მიმართულებაც, თუმცა ის ამ მასშტაბის პოპულარობით არ სარგებლობს“ - ამბობენ ,,თრეველფაიში“.

,,ვოიაჟერ 365“-ის გენერალური მენეჯერის, გოგა ქუცნიაშვილის თქმით კი, უპრეცენდენტოდ მაღალია მოთხოვნა თურქეთის მიმართულებაზე. ასევე წელს აქტუალური გახდა აფრიკის ქვეყნებიც.

,,ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულება თურქეთია, რომელზეც მოთხოვნა უპრეცენდენტოდ მაღალია. წინა წლებს ვერც კი შევადარებ. არის სხვა მიმართულებებიც, რომელიც წელს გახდა ტრენდი, მონტენეგრო, ხორვატია და ა.შ. მოთხოვნა არის ესპანეთის მიმართულებითაც, მაგრამ იქ მოთხოვნაა, რომ ტურისტი აუცილებლად უნდა იყოს ვაქცინირებული, შესაბამისად, მოგზაურების რეალური რაოდენობა ნაკლებია"- აცხადებს ქუცნიაშვილი.

კიდევ ერთ ტურისტულ სააგენტო, ,,go travel“-ში ამბობენ, რომ ქართველ მოგზაურებს წელს ნაკლები არჩევანი აქვთ ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო. შეთავაზებულ მიმართულებებში კი, თურქეთის მიმართულება ხელმისაწვდომი ფასის გამოა აქტუალური.

,,რეალურად, არც ისე ბევრი ქვეყანაა თანახმა არავაქცინირებული ტურისტების მიღებაზე. ჩვენ კი ძალიან ცოტა გვყავს ორჯერ აცრილი. ამიტომ, ქვეყნებში, რომელიც მზად არიან ქართველი დამსვენებელი მიიღონ, გადარჩევა ხდება ფასის მიხედვით და ყველაზე ხელმისაწვდომი ამ მხრივ თურქეთია. არა თუ საზღვარგარეთ, ბათუმზე იაფიც კი გამოდის რიგ შემთხვევებში. თორემ, პანდემიამდე, ევროპის არასაზღვაო მიმართულებებიც კი, გაცილებით აღემატებოდა თურქეთის მოთხოვნას.

თურქეთის შემდეგ, ყველაზე მოთხოვნადი აფრიკის ქვეყნები და ხორვატიაა, სადაც შესვლა და დასვენება შეგვიძლია“- აცხადებენ კომპანიაში ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.

თამარ მუკბანიანი