„ფეისბუკი“ საკუთარ მეტა სამყაროს შექმნის

„ფეისბუკი“ პროგრამისტების ახალ გუნდს აყალიბებს, რომლის მიზანიც, „მეტა სამყაროს“ შემუშავებაა.

გუნდი გახდება ნაწილი „ფეისბუკის რეალობის ლაბორატორიებისა“ (Reality Labs), რომელიც ვირტუალური (VR) და დამატებითი რეალობის (AR) პროექტებზე მუშაობს.

„ფეისბუკის“ შეფი მარკ ცუკერბერგი აქტიურად ემხრობა იმას, რომ მისმა კომპანიამ სოციალური ქსელის პროფილი, მეტა სამყაროს პროფილით შეცვალოს. ამ მიზნის განსახორციელებლად, „ფეისბუკი“ AR-ის და VR-ის ტექნოლოგიების განვითარებისთვის, ფინანსებს არ იშურებს.

„ფეისბუკის“ აღმასრულებელი დირექტორი ენდრიუ ბოსუორტი ადასტურებს, რომ მეტა სამყაროს გუნდი, იმ ჯგუფის (რეალიტი ლაბს) ნაწილი იქნება, რომელიც ვირტუალური რეალობის შესაქმნელად მუშაობს. ამ პროექტზე სამუშაოდ, „ინსტაგრამის“ პროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელი, ვიშალ შაჰი გადმოიყვანეს.

მეტა სამყაროს შექმნის პროექტი, ამბიციურ მიზნებს ისახავს. მის ფარგლებში უნდა შეიქმნას ერთგვარი ვირტუალური „შემაერთებელი ქსოვილი“, რომელიც „პორტალ“ და „ოკულუს“ სივრცეებს დააკავშირებს. მათი მეშვეობით, შესაძლებელი გახდება დისტანციაზე ადამიანის დახურულ სივრცეში ტელეპორტირება. ასევე შესაძლებელი გახდება სხვა ვირტუალურ სამყაროებში გადასვლა და მოგზაურობა. იქ გადაადგილებაში, ადამიანებს დამატებითი რეალობის სისტემები დაეხმარება.

მეტა სამყარო, იგივე ციფრული სამყაროა. მის შექმნას არაერთი ტექნოლოგიური კომპანია ცდილობს, რომლებიც თვლიან, რომ ახალი ტექნოლოგიები, მომავალში მობილურ ინტერნეტს ჩაანაცვლებს. მეტა სამყარო არის ვირტუალური სივრცე, სადაც ადამიანები გასართობად, სამუშაოდ და ურთიერთობისთვის (დისტანციურად) შეიკრიბებიან.

„ფეისბუკის“ (Facebook) გარდა, ამჟამად ვირტუალურ და დამატებით რეალობის ტექნოლოგიებზე მუშაობენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „ეპლი“ (Apple), „გუგლი“, (Google), „ამაზონი“ (Amazon) და „მაიკროსოფტი“ (Microsoft).