რამდენი პროცენტით გაიზარდა მოკლე და გრძელვადიანი უმუშევრობის დონე საქართველოში პანდემიის პირობებში - PMCG-ის კვლევა

2017-2020 წლებში საქართველოში გრძელვადიანი უმუშევრობის დონემ (ერთ წელზე მეტი) 40% შეადგინა, ხოლო 2020 წელს, მოკლევადიანი უმუშევრობა (ერთ წელზე ნაკლები) მკვეთრად გაიზარდა და 67% შეადგინა - ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის მიხედვით, ქვეყანაში გრძელვადიანი უმუშევრობა კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც დასაქმების დონის ზრდით კი არა, სამუშაო ძალაში ჩართულობის მაჩვენებელი კლებითაა განპირობებული.

,,2017-2020 წლებში საქართველოში გრძელვადიანი უმუშევრობის (ერთ წელზე მეტი) მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, თუმცა, ამავდროულად, შეინიშნებოდა მისი შემცირების ტენდენციაც. მოცემული პერიოდის განმავლობაში გრძელვადიანი უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 40%-ს შეადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ გრძელვადიანი უმუშევრობის შემცირება ავტომატურად არ გულისხმობს დასაქმების ზრდას. მეტიც, სავარაუდოა, რომ საქართველოში გრძელვადიანად უმუშევარმა ადამიანებმა დატოვეს სამუშაო ძალა, რადგან სამუშაო ძალაში ჩართულობის მაჩვენებელი 2017-2020 წლებში იკლებს“- ნათქვამია კვლევაში, რომლის მიხედვითაც, 2020 წელს, მოკლევადიანი უმუშევრობის მაჩვენებელი 67%-მდე გაიზარდა.

,,2020 წელს მოკლევადიანი (ერთ წელზე ნაკლები) უმუშევრობა მკვეთრად გაიზარდა და 67% შეადგინა. აღნიშნული განაპირობა 0-დან 5 თვის ჩათვლით უმუშევრების წილის 11 პპ-ით გაზრდამ. სავარაუდოა, რომ აღნიშნული ცვლილება პანდემიით განპირობებულმა კრიზისმა გამოიწვია, რადგან 2020 წელს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვები, სამუშაო ადგილების დროებით დაკარგვაში აისახა. ასევე, სავარაუდოა, რომ 2020 წლის სტატისტიკაზე გავლენა მეთოდოლოგიის შეცვლამაც იქონია“, - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში, რომლის წყაროც საქსტატი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაა.

თამარ მუკბანიანი