2020 წელს საქართველოში  ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 201 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 201 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა.

მათი 30,3 პროცენტი თბილისშია, ხოლო 20,4 პროცენტი - იმერეთის, 12,4 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 11,9 პროცენტი - კახეთის, 7,5 პროცენტი - ქვემო ქართლის, 5,5 პროცენტი - აჭარის, 4,5 პროცენტი - შიდა ქართლის, 3 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 1,5 პროცენტი - გურიის, 2 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის და 1 პროცენტი - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებშია განთავსებული.

„საქსტატის“ ცნობით, ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისთვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის 2020 წელს მოქმედი ბაზრობების საერთო რაოდენობის 77,1 პროცენტი, ინდივიდუალური მეწარმეების წილად კი - 20,4 პროცენტი. ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია კოოპერატივის (1,0 პროცენტი), სააქციო საზოგადოების (1 პროცენტი) და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0,5 პროცენტი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. ამასთან, ბაზრობების 96,5 პროცენტი კერძო საკუთრებაშია, ხოლო 3,5 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში.

„2020 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები, ბაზრობები და ბაზრობის ტიპის საწარმოები განთავსებული იყო 1,9 მლნ კვადრატულ მეტრ ფართობზე. ამ ტერიტორიაზე განლაგებული დახლების სიგრძე 50,8 ათასი მეტრია, რომელთა 64 პროცენტი შენობაშია განთავსებული. ბაზრობებს გააჩნია 69 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1340 - შემნახველი საკანი (საწყობი) 26,5 ათასი კვ. მეტრი ფართობით, 0,8 ათასი ტონის ტევადობის - 385 მაცივარი.

2020 წელს მოქმედი ბაზრობების 36,3 პროცენტი გადახურულია (ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობს), 32,3 პროცენტი ღია ტიპისაა (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობის გარეთ), 31,4 პროცენტი - ნახევრადგადახურულია (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობაშიც და შენობის გარეთაც).

2020 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ხორციელდება როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა. ბაზრობების 31,8 პროცენტი ვაჭრობს მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ერთ-ერთ ბაზრობაზე მიმდინარეობს მხოლოდ სასურსათო საქონლით ვაჭრობა; სამი ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს ავტომობილებითაც, ხოლო ხუთ ბაზარში იყიდება როგორც ფრინველი, ისე პირუტყვი.

საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობს 157 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა - 20 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, დანარჩენი ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში.

საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 53,9 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 37,8 ათასი კაცი ვაჭრობს.

2020 წელს ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ საწარმოებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 2,8 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 33,4 პროცენტი ქალია. დასაქმებულთა 47 პროცენტი თბილისზე მოდის, დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება. 2020 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 127,9 მლნ ლარი შეადგინა.

ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისათვის (ერთჯერადი გადასახდელის სახით) გადახდილია 34,8 მლნ ლარი, რაც ბაზრობების დირექციების შემოსავლების 27,2 პროცენტს შეადგენს. 67 პროცენტს შეადგენს შემოსავლები სავაჭრო ფართის გაქირავებიდან, ხოლო 5,8 პროცენტი - სხვა სახის შემოსავლებს მიეკუთვნება.

2020 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 83,6 მლნ ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 24,1 მლნ ლარია,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი