გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ერევანში კვირიკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ოვიკ აბრამიანს შეხვდება. ასევე, ორმხრივ შეხვედრას გამართავს ეკონომიკის მინისტრთან კარენ ჩშმარიტიანთან. ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით ქართულ-სომხური სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომა გაიმართება, რომელსაც ორივე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი გაუძღვება. სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხები იქნება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა, მათ შორის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და სხვა საკითხები.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ასევე, საგარეო საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები: დავით ჯალაღანია, გიორგი კობერიძე, ნოდარ კერესელიძე და მარიამ ვალიშვილი შედიან.