თამარ გაბუნია - საველე ჰოსპიტლების ანალოგი იყო კოვიდსასტუმროები - ვფიქრობ, სასტუმროების მობილიზაცია საკმარისი იქნება

ჰოსპიტალურ სექტორში არსებული 12 000 საწოლიდან კოვიდმიზნებისთვის 8 000-ის გამოყენება შეგვიძლია. დღეს 6000 საწოლს ვიყენებთ, შესაბამისად, 2 000 საწოლი რეზერვში გვრჩება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

​მისი განმარტებით, 12 000-ვე საწოლის კოვიდმიზნებისთვის გამოყენების შემთხვევაში, სხვა სერვისებზე უარის თქმა მოგვიწევს, აქედან გამომდინარე კი, სასტუმროებსა და ბინაზე მკურნალობა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

„ჰოსპიტალურ სექტორში საწოლი არის 12 000 ჩვენს ქვეყანაში, აქედან 8 000 შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ კოვიდის მიზნებისთვის, დღეს ვიყენებთ 6 000 საწოლს ამდენად 2 000 რეზერვი ჯერ კიდევ არსებობს და მისი მობილიზაცია თუ იქნება საჭირო, ამას გამოვიყენებთ, შემდეგ უკვე ჰოსპიტალური სექტორი სხვა მიზნებსაც ემსახურება და მხოლოდ კოვიდზე ყველა საწოლი ვერ გამოიყოფა, აქედან გამომდინარე, მოგვიწევს სასტუმროებსა და ბინაზე კიდევ უფრო აქტიური მკურნალობა, რაც დღესაც ხორციელდება. კრიტიკული ზღვარი, რომელიც ჯანდაცვის სისტემამ წინა კოვიდის დროს შეაფასა, არის დაახლოებით 8 000 საწოლი, ამაზე მეტის შემთხვევაში სხვა სერვისებზე უარის თქმა მოგვიწევს“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება საველე ჰოსპიტლების მოწყობა გახდეს საჭირო, როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, საველე ჰოსპიტალების ანალოგი იყო კოვიდსასტუმროები, რომელთა დიდი ნაწილი დღეს ტურისტული მიზნებით არის დაკავებული, თუმცა ფიქრობს, რომ სასტუმროების ის მობილიზაცია, რაც დღეს არის, საკმარისი იქნება.

​„საველე ჰოსპიტალის ანალოგი იყო კოვიდსასტუმრო. მათი დიდი ნაწილი ტურისტული მიზნებისთვის არის დაკავებული. ვფიქრობთ, ის ნაწილი, რომლის მობილიზებაც ამ პირობებში ხდება, საკმარისი იქნება მიმდინარე საჭიროების დასაკმაყოფილებლად და ყოველდღიურად ემატება სასტუმროების რაოდენობა. საბედნიეროდ, შემთხვევების უმეტესობა არის მსუბუქი და მას ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება, თუმცა იზოლაციისთვის უკეთესი იქნება, თუ პირი სასტუმროში იქნება და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ბინაზე არ იქნება. რაც შეეხება საველე ჰოსპიტლებს, ეს ყველაფერი ეპიდემიის განვითარების მიმართულებაზე იქნება დამოკიდებული. თეორიულად ეს მოდელი შესაძლებელია და ამის მზაობა არის, მაგრამ ყველაფერი ეპიდემიაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად იქნება ამის საჭიროება“, - განაცხადა გაბუნიამ.