CENN: "ერემჯიმ" საყდრისის საბადოზე აფეთქება უნებართვოდ განახორციელა

RMG Gold-მა საყდრისის საბადოზე აფეთქება უნებართვოდ განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას ”კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორაგანიზაციების ქსელი" (CENN) ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, CENN-მა 19 დეკემბერს მიიღო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ოფიციალური წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საყდრისის საბადოს #1 უბანზე სამშენებლო ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა არ გაუცია. CENN -ში აცხადებენ, რომ სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ გაცემული ნებართვის გარეშე სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციაში მიიჩნევევნ, რომ 2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისის საბადოს პირველ უბანზე განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოები უკანონოა და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას ექვემდებარება. მათივე ინფორმაციით, ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სასჯელს, რომელიც დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისა და დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლის მიხედვით, ფეთქებადი მასალების გამოყენების წესის დარღვევა ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ისჯება.

"საშიში საწარმო ობიექტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციამ დებულების მესამე მუხლის შესაბამისად უნდა გასცეს ობიექტის ან მისი ცალკეული უბნის მუშაობის გაჩერების მოთხოვნის მიწერილობა, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა გადასცეს და მისი შესრულება სთხოვოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს", - აღნიშნავენ CENN -ში.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, აღნიშნული ინსპექცია საქართველოს ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად პასუხისმგებელ პირთა მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს და ასრულებს მას. საჭიროების შემთხევაში კი, მასალებს შესაბამისი რეაგირებისათვის საგამოძიებო ორგანოებს გადასცემს.